გია ჟორჟოლიანი - თუ აქამდე უმრავლესობაში დისკუსიის გზით გვინდოდა, პოლიტიკაზე ზეგავლენა მოგვეხდინა, ეს დრო ამოიწურა
ვფიქრობთ, დადგა დრო, ჩვენი დამოუკიდებელი პოზიცია გავაფორმოთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„თუ აქამდე ვადექით გზას, რომ უმრავლესობაში დისკუსიის გზით მოგვეხდინა ზეგავლენა იმ სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელიც საქართველოში წარიმართება, ეს დრო ამოიწურა და ვფიქრობთ, ეს რესურსიც ამოწურულია. რადგან ეს მექანიზმები და პოზიცია, რომელიც უმრავლესობაში გვიჭირავს, ზეგავლენის მოსახდენად საკმარისი არ არის, ვფიქრობთ, მოვიპოვოთ ბერკეტები, რომელიც საქართველოში წარმართულ პოლიტიკას რადიკალურად, შეიძლება ითქვას, რევოლუციურად შეცვლის“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, მიღებულია თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება, რომ „სოციალ-დემოკრატებმა“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვონ, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ დღეისათვის ეს ასეა და ისინი მხოლოდ მოლოდინის რეჟიმში არიან, რა დროს დატოვონ უმრავლესობა.
„მაგალითად, მე და ფრაქციის რამდენიმე წევრს გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ამას ნამდვილად გავაკეთებთ, მაგრამ ჩვენს სხვა წევრებსაც ველაპარაკებით. გარდა ამისა, რამდენიმე კანონპროექტი გვაქვს შეტანილი, ერთი-ორის შეტანას კიდევ ვაპირებთ და მათი განხილვისას ალბათ, საბოლოოდ დავრწმუნდებით, რომ ჩვენი პოზიციები მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. თუმცა, უმრავლესობა ამ თვალსაზრისით, ჩვენი ტიპის კანონპროექტების მიმართ, ძალიან მონოლითური არ არის“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, 2012 წელს ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და რეჟიმის რეპრესიულ-ავტორიტარული მმართველობა წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური და სოციალური წესრიგი, რაც ქვეყნის განვითარების საფუძველია.
„2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ მიმართ ძალიან დიდი მოლოდინი იყო, რაც მარტო ციხეებთან, პატიმრებთან და წამებასთან არ იყო დაკავშირებული. ის ცხოვრების გაუმჯობესებასთან იყო დაკავშირებული. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ასეთი პოლიტიკა, რომელიც მიმდინარეობს, ადამიანთა ცხოვრებას ვერ გააუმჯობესებს. ეს მარტო ჩვენ რომ გვწამს და შეიძლება, აკადემიურად ვიცოდეთ, არა. სემინარზე არ ვართ, პოლიტიკაში ვართ და ეს ხალხმა უნდა გაიგოს. ხალხმა კი, ეს ახლა ბევრად უკეთ გაიგო, ვიდრე 2016 წელს. ამაზე მიუთითებს თუნდაც, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
როგორც ჟორჟოლიანმა აღნიშნა, მთავარი საკითხი, რაც სერიოზული რეფორმების განხორციელებას წინ ეღობება, არის სახელმწიფოს მიმართ ძალიან დიდი უნდობლობა.
„თუ აქტიური სახელმწიფო პოლიტიკა არ გავატარეთ და საზოგადოებას სახელმწიფოს ნდობა არ ექნა, განვითარების პოლიტიკას ვერ განვახორციელებთ“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ანალიტიკოს ბაქარ ბერეკაშვილის შეკითხვაზე, ხედავს თუ არა ის უმრავლესობის მიღმა, პარლამენტის შიგნით ან მის გარეთ პოლიტიკურ თუ სოციალურ ძალებს, რომელთანაც შეიძლება, ღირებულებითი პარტნიორობა გამოიძებნოს, გია ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ ასეთ ძალებს ხედავს.
„პირველ რიგში, ეს არის რეგიონებში მცხოვრები ხალხი. ამ ხალხს შეხება აქვს რეალურ ცხოვრებასთან და ისინი დღენიადაგ არ არიან დაკავებული იმით, რომელმა დეპუტატმა რომელს რა უთხრა, რომელი ვისი ბიძაშვილია, ძველად ვისთან ამხანაგობდა და ა.შ. ისინი იმით არიან დაკავებული, მისი ნაკვეთი რამხელაა, რამდენად ეყოფა ვთქვათ, მექანიზაციის ის პროგრამა, რომელიც დღეს დაანონსდა და ა.შ. დასაყრდენები ასევე შეიძლება, ვეძებოთ მოსახლეობის დაბალ და საშუალო კლასში, მათ შორის, ახალგაზრდობაში“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.