გია ჟორჟოლიანი - „სოციალ-დემოკრატების“ უმრავლესობიდან წასვლა არა ვინმეს უზრდელურ და არაკორექტულ ლაპარაკს, არამედ სერიოზულ პოლიტიკურ ცვლილებებს უკავშირდება
გია ჟორჟოლიანი - „სოციალ-დემოკრატების“ უმრავლესობიდან წასვლა არა ვინმეს უზრდელურ და არაკორექტულ ლაპარაკს, არამედ სერიოზულ პოლიტიკურ ცვლილებებს უკავშირდება

„სოციალ-დემოკრატების“ საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლა არ უკავშირდება ვინმეს უზრდელურ და არაკორექტულ ლაპარაკს, არამედ სერიოზულ პოლიტიკურ ცვლილებებს, რაც ხალხის ინტერესია და არა ცალკეული პერსონების, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა განუცხადა.

დეპუტატის ცნობით, რამდენიმე დღეში მისი ფრაქციის წევრები უმრავლესობას დატოვებენ.

„როდის დავტოვებთ, როგორ გაფორმდება, რამდენი კაცი ვიქნებით, რა ფრაქცია იქნება და როგორ, ამას ერთ კვირაში გაიგებთ. ჯერ კიდევ ზაფხულში სამართლიანი საგადასახადო სისტემის გატარება მოვითხოვეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში წასვლა დავაანონსეთ. ნაბიჯი გადაიდგა არა ჩვენი რეკომენდაციით, არამედ სავალუტო ფონდის, რაც არ არის ის, რაც გვინდოდა. „ქართულ ოცნებასთან“ მთელი რიგი პრობლემების გადაწყვეტის რესურსს ვეღარ ვხედავთ“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.