გია ჭიაბრიშვილი - „თელავი“ ძლიერი გუნდია და კინაღამ ქულები დავთმეთ #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივმა“ ეროვნული ლიგის მეორე ტურში „დინამო-არენაზე“ „თელავს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მიმდინარე სეზონის ყველაზე უხვგოლიანი და სანახაობრივი მატჩი თბილისელებმა 3:2 მოიგეს.
მატჩის დასრულების შემდეგ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა განვლილი დაპირისპირება შეაფასა.
გია ჭიაბრიშვილი, „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი: „რთული თამაში იყო. „თელავი“ ძალიან ძლიერი და მებრძოლი გუნდია და სათავეში ძალიან ძლიერი მწვრთნელი ჰყავს. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა, ქულები კინაღამ დავთმეთ და დავკარგეთ. მაგრამ ნორმალურად ვითამაშეთ, ეს სეზონში პირველი სამი ქულაა და ეს ძალიან მიხარია“.
რევაზ გოცირიძე, „თელავის“ მთავარი მწვრთნელი: „პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ვითამაშეთ – ჩემს გუნდს ვერ ვცნობდი. დაცვაში ძალიან უკან ჩავიწიეთ, თითქოს, ველოდით, რომ ბურთი უნდა გაგვეშვა და მერე დაგვეწყო თამაში. ორი გოლის გარდა, „ლოკომოტივს“ შესვენებამდე სხვა მომენტებიც ჰქონდა. მეორე ნახევარში თამაში გამოვასწორეთ, ბიჭებმა შეტევა დაიწყეს და თამაშის გადარჩენა შეიძლებოდა. მაგრამ ასე ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, მიმაჩნია, რომ მოგებას არ ვიმსახურებდით და „ლოკომოტივს“გამარჯვებას ვულოცავ“.