გიორგი ჭიაბრიშვილი: ფავორიტი მეტოქეა, თუმცა რუმინელებთანაც აუტსაიდერებად გვთვლიდნენ
გიორგი ჭიაბრიშვილი: ფავორიტი მეტოქეა, თუმცა რუმინელებთანაც აუტსაიდერებად გვთვლიდნენ

უეფა-ს შტაბბინაში გამართულ ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრამ თბილისის „ლოკომოტივს“ მოსკოვის „დინამო“ შეახვედრა – გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ერთრაუნდიან დაპირისპირებას თბილისში, საკუთარ მოედანზე 17 სექტემბერს გამართავს.

„ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა წილისყრის შედეგები და მომავალი მეტოქე საგურამოში მედიასთან შეხვედრაზე შეაფასა.

„გავიმეორებ, რაც პირველი ეტაპის წილისყრის შემდეგ ვთქვი – გამართლება-არგამართლებაზე ლაპარაკი არაა, რადგან პოტენციური მეტოქეებიდან, სამივე ძალიან ძლიერია და ევროტურნირებზე დიდი გამოცდილება გააჩნიათ. მოვემზადებით ისე, როგორც აქამდე ვემზადებოდით – მაქსიმალური მობილიზებითა და კონცენტრაციით. ამ წყვილში, ფავორიტი ჩვენი მეტოქეა, მაგრამ პირველ ეტაპზეც ასე ვიყავით, აუტსაიდერებად ვითვლებოდით. რა წერია ფურცელზე, ცალკე თემაა, მთავარია რა იქნება მოედანზე,“ – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.

„ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა ზედიზედ მეორედ სახლში თამაშის უპირატესობა ახსენა:

„გაგვიმართლა, რომ მეორე ეტაპსაც სახლში ვითამაშებთ. ძლიერი, მაღალბიუჯეტიანი მეტოქე გვყავს, რომელიც რუსეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა. შემადგენლობაში რუსეთის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების 12 ფეხბურთელი ჰყავთ. ასევე, ლეგიონერები ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ხორვატია, გერმანია, პოლონეთი, უკრაინა, ბოსნია, ნიგერია. ახლა „ლოკომოტივი“ ეროვნული ლიგის მორიგი ტურის მატჩისთვის ემზადება. ამის შემდეგ, მთლიანად გადავერთვებით მოსკოვის „დინამოსთან“ დაპირისპირებაზე“.

„ლოკომოტივი“ თბილისში მოსკოვის „დინამოს“ დაუპირისპირდება