გია ცეცაძე - ვიცი, უეფა დამსჯის, მაგრამ მსაჯისთვის არ შემიფურთხებია
გია ცეცაძე - ვიცი, უეფა დამსჯის, მაგრამ მსაჯისთვის არ შემიფურთხებია

გია ცეცაძემ საქართველოს პირველ არხთან სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან ნიტრაში გამართული შეხვედრის ინციდენტზე ილაპარაკა – საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, მომხდარი სლოვაკური მხარის პროვოცირებული იყო.

შეგახსენებთ, რომ სტადიონ „პოდ ზობორომ“-ზე 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურში სლოვაკეთმა საქართველოს უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში 3:2 გაიმარჯვა.

მოედანზე ვითარება 90+2-ე წუთზე დაიძაბა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი კუცია ბურთის თამაშში შეყვანას აუტიდან აპირებდა, რომელსაც სლოვაკების მეკარეთა მწვრთნელმა ჯერ ბურთი წაართვა, მერე უკნიდან ხელი კრა და ფეხი გამოსდო. ამან გია ცეცაძე გააღიზიანა და სათადარიგო ფეხბურთელთა შორის დაპირისპირება მოხდა – საბოლოოდ, მთავარმა არბიტრმა წითელი ბარათი ცეცაძეს და სლოვაკების მეკარეთა მწვრთნელს აჩვენა.

„რაც რეალურად მოხდა, სლოვაკურმა ტელევიზიამ ან ვერ გადაიღო ან ეთერში შეგნებულად არ გაუშვა. მესმის, თავშეკავებული უნდა იყო, მაგრამ რაც კუციას გაუკეთეს, სისხლის სამართლის დანაშაული იყო. აუტის მოწოდების დროს სლოვაკების მწვრთნელმა იდაყვი წაარტყა და ბურთი გააგდებინა. გიორგი თამაშის განახლებას ჩქარობდა და ბურთი აიღო – ამ დროს ფეხი დაუდეს და წააქციეს. ვცდილობდი, ნერვები მომეთოკა, მაგრამ სლოვაკები აქეთ რომ გამოიქაჩნენ, თავი ვეღარ შევიკავე. ეს ხდებოდა ევროპაში, სადაც მატჩი უეფა-ს ეგიდით იმართებოდა და მონაწილეთა უსაფრთხოება დაცული უნდა ყოფილიყო. საქართველოში უცხოელების მიმართ ჩვენს სტადიონზე მსგავსი საქციელი თავში აზრად ვის მოუვა?“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გია ცეცაძე.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, მას მსაჯისთვის არ შეუფურთხებია. თუმცა, აღიარებს, რომ უეფასგან მკაცრი სასჯელის მოლოდინშია: „ვიცი, სასჯელი მეკუთვნის და უეფა დამსჯის, მაგრამ ტყუილია, რომ ვითომ მსაჯს შევაფურთხე. იმ მომენტში ისეთი გაღიზიანებული ვიყავი, მეოთხე მსაჯს ვერც ვხედავდი და მომხდარზე გამწარებულმა გადავაფურთხე, მსაჯი აქ არაფერ შუაში იყო“.