გია ცეცაძე - ჩვენი სურვილია, ჩემპიონატი რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე დავასრულოთ #1TVSPORT
გია ცეცაძე - ჩვენი სურვილია, ჩემპიონატი რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე დავასრულოთ #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ თურქეთიდან ჩაერთო გია ცეცაძე, რომლის ხელმძღვანელობითაც ქუთაისის „ტორპედო“ ახალი სეზონისთვის ემზადება. ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა გუნდის მიზნებზე ილაპარაკა.

„თურქეთში 10 იანვრიდან ვემზადებით და საკმაოდ შრომატევადი სამუშაო გავწიეთ. პირველი თამაში „რუდართან“ გვაქვს. მერე სამი დღე დავისვენებთ და შემდეგ ახალ შეკრებას დავიწყებთ.

ბოლო ორი წელი „ტორპედო“ იმ შედეგებს ვერ აჩვენებდა, რაც ამ გუნდს შეეფერებოდა. მაგრამა ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ გაცილებით სტაბილური ვითარებაა და არის პირობები, რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.

ვერ ვიტყვი, რომ პირველივე წელს ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. მაგრამ კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ და  გუნდი ისე მოემზადება, ჩემპიონატი მინიმუმ კარგად რომ დავიწყოთ. ასევე გავაგრძელოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

„ტორპედოში“ არა მგონია, ვინმე დავიმატოთ – გუნდი 100% დაკომპლექტებულია. ფაქტობრივად, სანახევროდ ახალი მოთამაშეები დავიმატეთ. ბევრთან მიმუშავია და მათი კვალიფიკაცია  დამაკმაყოფილებელია. დავიმატეთ სანდოხაძე, ქიმაძე, შერგელაშვილი, შულაია, მანჯგალაძე, კუხიანიძე, პაპუნაშვილი, არაბიძე და მეკარე ჰამზიჩი.

ჩვენი სურვილია, ჩემპიონატი რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე დავასრულოთ. მაგრამ მოგატყუებთ, რომ ვთქვა, რომ ჩემპიონობაა მიზანი – ეს არც თანმიმდევრული იქნება და გუნდი უდნა ჩამოყალიბდეს და ნელ-ნელა ამისკენ ვიქნებით მიმართულები. ზაფხულში უფრო ვიტყვი მიზანს. მაგრამ მინიმუმ ოთხეულში მოხვედრა გვსურს.

ბათუმის „დინამო“ ჩემპიონობისკენ მიზანმიმართულად მიდიოდა და ვისურვებდი, რომ ასეთი ბევრი გუნდი გვყავდეს. საერთოდ, ყველა გუნდი მიზანმიმართულად უნდა კეთდებოდეს, რომ წარმატებას არა მარტო საქართველოში, არამედ, საერთაშორისო სარბიელზეც რომ მივაღწიოთ. ეს რთულია, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ და სწორად სვლით შესაძლებელია.

ქუთაისის „ტორპედო“ ქართული ფეხბურთის ფლაგმანია და აუცილებელია, რომ მაღალ დონეზე იყოს. ამას საბჭოთა პერიოდის, დამოუკიდებლობის შემდგომი ისტორიით და იმ ფეხბურთელებით იმსახურებს, რომლებიც ამ ქალაქიდან წამოვიდნენ. ჩემთვის საამაყოა, რომ ამ გუნდში ვმუშაობ.

არის თუ არა სტაბილური დაფინანსება? ამაზე ბევრია დამოკიდებული. ორი და მეტი ხანგრძლივობის კონტრაქტები გავაფორმეთ და პროგრესი არის. ასევე არის რესურსი, რომ გუნდი ამაზე არ გაჩერდეს და საბედნიეროდ, გუნდში სტაბილურობაც გვაქვს, რაც სამწუხაროდ, ბევრი გუნდის პრობლემაა.“