გია ცეცაძე - ასეთი დიდი ტრადიციების მქონე კლუბში სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში არ მიმუშავია #TVSPORT
გია ცეცაძე - ასეთი დიდი ტრადიციების მქონე კლუბში სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში არ მიმუშავია #TVSPORT

გია ცეცაძემ პირველი კომენტარი გააკეთა ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ მან გუნდი კახა ჩხეტიანის გაშვების შემდეგ ჩაიბარა.

„22 წელია მწვრთნელი ვარ და შეიძლება ითქვას, რომ ასეთი დიდი ტრადიციების მქონე კლუბში სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში არ მიმუშავია. მადლობა „ტორპედოს“ ხელმძღვანელობას, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბში მუშაობის საშუალება რომ მომცა“, – ამბობს გია ცეცაძე.

47 წლის სპეციალისტი წლების მანძილზე მუშაობდა უმაღლესი ლიგის გუნდებში. წვრთნიდა გორის „დილას“, „ლოკომოტივს“, „საბურთალოს“, ხოლო „სამტრედიასთან“ ერთად 2016-17 წლის სეზონში, საქართველოს ჩემპიონი გახდა.

გია ცეცაძემ ქუთაისის „ტორპედოში“ თავის მიზნებზე ილაპარაკა:

„გეგმები ისეთია, რომელზე საუბარსაც დიდი დრო უნდა, მაგრამ გუნდი ისე დალაგდა, დარწმუნებული ვარ, მაღალ შედეგზე გავალთ. „ტორპედო“ ისეთ ადგილზეა, რომელზეც არ უნდა იყოს. ვეცდებით, ჩემპიონატში დარჩენილი სამი შეხვედრა გამარჯვებით დავასრულოთ და მოვახერხოთ, რომ ახალ სეზონს დამშვიდებულად შევხვდეთ“.

გია ცეცაძეს სამწვრთნელო კარიერის მანძილზე, არაერთი წელი აქვს ნამუშევარი ასაკობრივ ნაკრებებთან. იყო 16, 17, 19 და 21 წლამდე გუნდების თავკაცი. სანაკრებო დონეზე მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა, რვაგუნდიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა. ეროვნული ნაკრების სათავეში კი გია ცეცაძე ასისტენტობას კახა ცხადაძეს უწევდა.

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში მისი დებიუტი, 21 ნოემბერს „რამაზ შენგელიას“ სახელობის სტადიონზე „ტორპედოსა“ და „სამტრედიას“ დაპირისპირებისას შედგება.

დატოვე კომენტარი