გია ცაგარეიშვილი - მუქარის ტექსტებიც მოვისმინეთ, როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სიახლოვეში დიდხანს ტრიალმა უსუფაშვილიც დაამსგავსა იმ ავაზაკებს, ვის გვერდზეც მოკალათდა
„ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით სასამართლო ხელისუფლების საქმეში ბინძური ხელის ქექვა ამ მოწვევის პარლამენტში განუხორციელებელი ამბავია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე განაცხადა.
მისივე თქმით, დეპუტატების უფლებაა, სადაც სურთ, იქ გაასაჩივრონ და შეაგროვონ ხელმოწერები, ამ უფლებაში მათ არავინ შეზღუდავს.
„მუქარის ტექსტებიც მოვისმინეთ, გამოძიებას დავიწყებთ თქვენ წინააღმდეგო. როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სიახლოვეში დიდხანს ტრიალმა ბატონი უსუფაშვილიც დაამსგავსა იმ ავაზაკებს, ვის გვერდზეც ის მოკალათდა ახლა. აკვირდებით, რომ სახადი შეეყარათ საგამოძიებო კომისიების შექმნისა. უმრავლესობა ხელთ უპყრია „ქართულ ოცნებას“ და ჩვენი განსასაზღვრია, შეიქმნება თუ არა ამგვარი კომისია. ჩვენ ვფიქრობთ, ამგვარი კომისიის შექმნა ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე, როცა კანდიდატის სტატუსთან ახლოს ვართ მისული, და გადაწყვეტილება პოლიტიკური უნდა იყოს, რადგან, ფაქტობრივად, 12-ვე პუნქტი შევასრულეთ, უკან დახევს ქვეყანას. ვფიქრობთ, პოლიტიკურ ძალებს მიეცემათ საშუალება და საბაბი, როგორმე პილიტიკური გავლენები დაამყარონ სასამართლო ხელისუფლებაზე“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
„ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ პარლამენტის 50 წევრი ხელმოწერით ადასტურებს საკუთარ ნებას, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. „თუ ესეც არ არის საკმარისი, მაშინ შევხვდებით საკონსტიტუციო სასამართლოში, და აუცილებლად შევხვდებით უკვე საგამოძიებო კომისიაში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება, ამ პარლამენტში თუ არა, შემდგომ პარლამენტში, რათა, ყველაფერთან ერთად, რაც ხდება მართლმსაჯულებაში, გამოძიებული და სააშკარაოზე გამოტანილი იყოს ისიც, რაც მოხდა ამ დღეებში პარლამენტში“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.