გია ცაგარეიშვილმა ნინო ლომჯარიას მიმართა - ხუთი წლის მანძილზე, ვიდრე სახალხო დამცველი იყავით, ხომ არ გიფიქრიათ, პირდაპირ მიგემართათ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და მოგეთხოვათ კონკორდატის გაუქმება
გია ცაგარეიშვილმა ნინო ლომჯარიას მიმართა - ხუთი წლის მანძილზე, ვიდრე სახალხო დამცველი იყავით, ხომ არ გიფიქრიათ, პირდაპირ მიგემართათ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და მოგეთხოვათ კონკორდატის გაუქმება

ხუთი წლის განმავლობაში, ვიდრე თქვენ სახალხო დამცველი იყავით, ხომ არ გიფიქრიათ, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის 2002 წელს დადებული კონსტიტუციური შეთანხმების წინააღმდეგ და მისი გაუქმებისთვის პირდაპირ შეგეტანათ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, – ამ კითხვით მიმართა უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე.

გია ცაგარეიშვილმა ლომჯარიას ასევე მიმართა, რომ კითხვაზე გულწრფელად ეპასუხა.

„ქალბატონო ნინო, გთხოვთ, ბოლომდე გულწრფელი იყოთ, პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით, ერიც და ბერიც გვისმენს ახლა, თქვენც მოგისმენთ და იქნებ კარგად დაფიქრდეთ, გულწრფელად გამცეთ პასუხი, ამ ხუთი წლის მანძილზე, ვიდრე თქვენ სახალხო დამცველი იყავით, როდესმე ხომ არ გიფიქრიათ, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, 2002 წელს დადებული კონსტიტუციური შეთანხმების წინააღმდეგ და მისი გაუქმებისთვის პირდაპირ შეგეტანათ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. რა ბედენაა ერთ ნაკვეთზე დავა ეკლესიასთან. ხომ არ გიფიქრიათ ამაზე, რომ პირდაპირ მიგემართათ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და მოგეთხოვათ კონკორდატის გაუქმება, რომელიც მრავალი წლის წინ დაიდო სახელმწიფოსა და ქართულ ეკლესიას შორის“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ცაგარეიშვილი ასევე დაინტერესდა, რას ფიქრობს სახალხო დამცველი საქართველოს ეკლესიის როლზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და როგორია მისი თანამედროვე როლი ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების და ჩამოყალიბების საქმეში.

„კიდევ ერთი კითხვა, რას ფიქრობთ საქართველოს ეკლესიის როლზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენის საქმეში და როგორია მისი თანამედროვე როლი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და ჩამოყალიბების საქმეში. ვფიქრობ, საკმაოდ გულწრფელად დასმული კითხვაა და თქვენგან გულწრფელ პასუხს ველოდები“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში პარლამენტმა „ტყის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. დოკუმენტის ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, შესაძლებელია, საპატრიარქოს ტყის ფართობების გარკვეული ნაწილი საკუთრებაში გადაეცეს, რადგან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება, გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, თითოეულის შემთხვევაში 20 ჰექტრამდე და ასევე – საქართველოს „ტყის კოდექსით“ განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

აღნიშნული ცვლილებები სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელის მიხედვით, ომბუსდსმენი მართლმადიდებელ ეკლესიას ტაძრების მიმდებარე მიწის ნაკვთების მფლობელობას ედავება. როგორც სახალხო დამცველი მიიჩნევს, ეკლესიისთვის მიმდებარე ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემა დისკრიმინაციულია.