გია ცაგარეიშვილმა „ნაცმოძრაობას“ მიმართა - როგორც არ უნდა ილაპარაკოთ, ვითომ მაგარმა ფინანსისტებმა, ბანკირებმა, იურისტებმა, ერთი ჩვეულებრივი ყაჩაღები ხართ
გია ცაგარეიშვილმა „ნაცმოძრაობას“ მიმართა - როგორც არ უნდა ილაპარაკოთ, ვითომ მაგარმა ფინანსისტებმა, ბანკირებმა, იურისტებმა, ერთი ჩვეულებრივი ყაჩაღები ხართ

დღეს ამ დარბაზში მენტორული ტონით, მორალური პედისტალიდან გვამუნათებთ, გვარიგებთ ჭკუას, როგორი კანონები უნდა მივიღოთ, როგორ ვიმოქმედოთ, ვიაზროვნოთ. როგორც არ უნდა ილაპარაკოთ აქ, ვითომ მაგარმა ფინანსისტებმა, ბანკირებმა, იურისტებმა, ერთი ჩვეულებრივი ყაჩაღები ხართ, რომლებსაც გინდათ, ახლა როგორმე გაითეთროთ თავი, – ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ნაცმოძრაობის“ ყოფილ წევრებს, რომან გოცირიძესა და ხატია დეკანოიძეს და პარლამენტში 2011 წლის ნოემბერში შეტანილი კანონპროექტების პაკეტი შეახსენა, რომლის მიზანი, დეპუტატის თქმით, „ქართუ ბანკის“ განადგურება იყო.

როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, დაახლოებით 2011 წლის ნოემბერში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაჩქარებული წესით, ბანდიტური გზით პარლამენტში შეიტანა კანონპროექტების პაკეტი, რაც ძალიან კარგად იცის რომან გოცირიძემ, მაგრამ არც მაშინ და არც ახლა მისი ამოღებული ხმა არავის ახსოვს, არც პარლამენტში და არც ქვეყანაში.

„კანონპროექტების პაკეტი თქვენმა ძვირფასმა „ნაცმოძრაობამ“ შემოიტანა, რათა გაენადგურებინა ბანკი „ქართუ“. იქამდე გაანადგურეთ „სტანდარტბანკი“ და ამაში შეიძლება თქვენც მიგიძღვით წვლილი, ბატონო რომან, ბადრი პატარკაციშვილის ბანკი პირწმინდად მოსპეთ, მე ხომ ეს ყველაფერი მახსოვს, ეს თქვენ არ გსიამოვნებთ. მერე მიადექით „ქართუს“, შეიყვანეთ იქ მმართველები, დაიწყეთ მისი გაკოტრება, დღისით, მზისით, ბანდიტური, ყაჩაღური გზით, დაავალეთ თქვენს ზონდერებს, ნაძირლებს და თავისუფლების მოედანზე გაიტაცეთ ორი მილიონი დოლარი და ერთი მილიონი ევრო, საინკასაციო მანქანა მოიპარეთ საერთოდ და იცით მერე, რა აღმოჩნდა? გადის რამდენიმე თვე და ვიღაც ვიგინდარა პროკურორი თქვენი სახელით მიდის ეროვნულ ბანკში და საკორესპონდენტო ანგარიშზე აბრუნებს ამ თანხას. ეს თუ იცოდნენ საქართველოში? თუ არ იცოდით, მე შეგახსენებთ“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, დაახლოებით ორ თვეში დეპუტატების ზუსტად იმავე შემადგენლობამ პარლამენტში ისევ შეიტანა კანონპროექტების პაკეტი და თავიდან დაარეგისტრირა.

„აქ იყო მობრძანებული მაშინდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ზონდერბანკირების მთელი შემადგენლობა, რომლებიც თქვენი ხელის ბიჭები და ხელის გოგოები იყვნენ ეროვნულ ბანკში, ადეიშვილის უშუალო მეთაურობით. შემოიტანეს იგივე პაკეტი, ზუსტად ერთი ერთში და უკან დააბრუნეს ყველაფერი, იმის მერე რაც, ფაქტობრივად, პირწმინდად გაანადგურეს ერთი ბანკი, მერე მიაყოლეს მეორე. ეს ადამიანები დღეს ამ დარბაზში მენტორული ტონით, მორალური პედისტალიდან გვამუნათებთ, გვარიგებთ ჭკუას, როგორი კანონები უნდა მივიღოთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როგორ უნდა ვიაზროვნოთ, არადა, ერთი ჩვეულებრივი რეიდერები ხართ, თქვენც, ქალბატონო ხატია, ახლა რომ ნარნარად მიბრძანდებით ამ დარბაზიდან, თქვენც იქ იყავით იმ ყაჩაღებთან და კაცის მკვლელებთან ერთ ბანდაში გაერთიანებული. ახლა როგორც არ უნდა ილაპარაკოთ აქ, ვითომ მაგარმა ფინანსისტებმა, ბანკირებმა, იურისტებმა, ერთი ჩვეულებრივი ყაჩაღები ხართ, რომლებსაც გინდათ, ახლა როგორმე გაითეთროთ თავი“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.