გია ცაგარეიშვილი - „კრედიტ სუისის“ მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა თვალში საცემია, ზეწოლით არაფერი გამოვა და ადრე თუ გვიან ივანიშვილი თანხას ბოლო ცენტამდე დაიბრუნებს 
გია ცაგარეიშვილი - „კრედიტ სუისის“ მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა თვალში საცემია, ზეწოლით არაფერი გამოვა და ადრე თუ გვიან ივანიშვილი თანხას ბოლო ცენტამდე დაიბრუნებს 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, შვეიცარული ბანკი „კრედიტ სუისი“ იყენებს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციებს, სადაც ივანიშვილის სავარაუდო დასანქცირებაა ნახსენები.

მისივე თქმით, „კრედიტ სუისიგან“ პოლიტიკური ზეწოლა თვალში საცემია. როგორც ცაგარეიშვილი ამბობს, ზეწოლით არაფერი გამოუვათ და ადრე თუ გვიან ივანიშვილი თანხას ბოლომდე დაიბრუნებს.

„პროცესი მეტყველებს, რომ „კრედიტ სუისი“ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციებს იყენებს, სადაც ნახსენებია ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო დასანქცირების თემა. რეზოლუციის ჩანაწერიც არაფრის მომცემია და თითიდან გამოწოვილია, ყურით მოთრეული, რაც ევროპარლამენტშიც ყველამ კარგად იცის, მაგრამ დეპუტატთა ჯგუფია, რომელიც რეზოლუციაში ამ ჩანაწერის მოხვედრას ცდილობდა, რაც მშვენივრად გამოიყენა „კრედიტ სუისმა“. ეს დაწესებულება აპელირებს იმაზე, რომ ჩანაწერების გამო ბიძინა ივანიშვილისთვის აფერხებს თანხების ჩარიცხვას და ამ ჩანაწერებს იყენებს. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ზეწოლა თვალში საცემია. ყველა საშუალებით ცდილობენ, ბიძინა ივანიშვილს ისეთი გადაწყვეტილებები მიაღებინონ, რაც მათ აწყობთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ადამიანს კარგად არ იცნობენ. ამ ადამიანის მიმართ ზეწოლით არაფერი გამოვა და ადრე თუ გვიან ივანიშვილი თანხას ბოლო ცენტამდე დაიბრუნებს“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.