გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურაში კობა კობალაძის გამოკითხვა დასრულდა

20:35, 07.08.2026

ოპერატიულ-ტაქტიკური დაგეგმარების პროცესში გიორგი ბარამიძეს არასოდეს მიუღია მონაწილეობა. აქ საუბარია არა 2008 წლის ომზე, არამედ 1992-1993 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებზე. შესაბამისად, მას არც უფლებამოსილება ჰქონდა და არც ვალდებულება, ყოფილიყო იმ წინა ხაზზე, სადაც უშუალოდ მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები და მონაწილეობა მიეღო ტყვეების მიღებაში ან მათ განაწილებაში, – ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა, კობა კობალაძემ პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კობალაძის თქმით, აღძრულია საქმე გია ბარამიძის კონკრეტულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც, მისივე შეფასებით, არა მხოლოდ უპასუხისმგებლოა, არამედ ანტისახელმწიფოებრივიც.

„ეს განცხადებები შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ ჩემს ქვეყანას, არამედ მისი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს, დაღუპულთა ოჯახებს და ა.შ. ჩვენ ყველამ ნათლად დავინახეთ, რა წესრიგის მატარებელია ოკუპანტის ჯარი და რა სტანდარტებს და წესრიგს ექვემდებარება. აქედან გამომდინარე, ვერანაირად ვერ შევეგუებით იმ აზრს, რომ ვიღაცის ბოდიალის გულისთვის ჩვენ გამოვიდეთ მკვლელები და მოკლულის ოჯახის წევრები.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ვიყავით დაბარებული. როგორც მოგეხსენებათ, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. საბრძოლო მოქმედებების პერიოდში მე ვიყავი ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი სამხედრო შენაერთის – ე.წ. ცალკეული შავნაბადას სადაზვერვო ბატალიონის – ხელმძღვანელი. გამოძიებას აინტერესებდა, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დროს მქონდა თუ არა უშუალო შეხება გიორგი ბარამიძესთან, რომელ საბრძოლო პოზიციებში გამოირჩა თავისი სიჩაუქით და ა.შ. ჩვენ მივაწოდეთ ხელთ არსებული ინფორმაცია. ეს ინფორმაცია მოიცავდა იმას, რომ მისი ყოველი ქმედება მოიცავდა, მისი სიტყვებიდან გამომდინარე, უფრო მეტად მისი შემდგომი პოლიტიკური აღმავლობის გზას და ა.შ.

მას არც ევალებოდა ავტომატით ხელში წინა ხაზზე გასვლა, რადგან მისი გეგმები, როგორც გამოიხატა, სხვა იყო. ამასთანავე, კითხვა, რატომ იყო 34 წლის განმავლობაში პირში წყალდაგუბებული და რატომ დაიწყო ამ თემაზე საუბარი დღეს, როდესაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის, შეთანხმებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მიმართულებით დინამიკა შეიქმნა, ეს გამოძიების პრეროგატივაა. შესაბამისი ორგანოები დაადგენენ, ვის, რას გადაეფარა, ვინ ასრულებდა იმ კაცთმოძულე ქმედებებს, რომელთაც შეესწრო მაშინ, როგორც დეპუტატი. ასევე დაისმება კითხვა, რატომ არ აღკვეთა ის ფაქტი? მე შეხება მქონდა არა მხოლოდ გიორგი ბარამიძესთან, არამედ ბევრ ადამიანთან, ტურისტული იდეებით შეპყრობილ ადამიანებთან, რომლებიც ჩამოდიოდნენ და მალევე ტოვებდნენ ტერიტორიას. გიორგი ბარამიძესთან კვეთა ერთხელ მქონდა, სტუმრად მოვიდა. საბრძოლო მოქმედებების, ამოცანების შესრულების დროს მასთან შეხება აღარ მქონია.

ოპერატიულ-ტაქტიკური დაგეგმარების პროცესში გიორგი ბარამიძეს არასოდეს მიუღია მონაწილეობა. აქ საუბარია არა 2008 წლის ომზე, არამედ 1992-1993 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებზე. შესაბამისად, მას არც უფლებამოსილება ჰქონდა და არც ვალდებულება, ყოფილიყო იმ წინა ხაზზე, სადაც უშუალოდ მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები და მონაწილეობა მიეღო ტყვეების მიღებაში ან მათ განაწილებაში. ეს ბრალდებები აბსურდულად ჟღერს, მით უმეტეს, როდესაც მათ აჟღერებს იმ სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომლის მოქალაქეებზე, სამხედრო მოსამსახურეებზე და უმაღლესი თანამდებობის პირებზე დოკუმენტურად არის დადასტურებული, რომ დახვრიტეს და გენოციდი მოუწყეს. გაგრა, სოხუმი, კამანი – რომელი ერთი ჩამოვთვალო. გუშინაც და დღესაც მიწევს საუბარი ჩემს თანამებრძოლებთან, ვეტერანებთან. ყველას ვეუბნები, რომ ანგარიშსწორება გამოსავალი არ არის. ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და სწორედ სამართლებრივი გზით ჭეშმარიტების დადგენაში ქვეყანამ უნდა გაგვიწიოს თანადგომა. ჯერ ფაქტი არ მომხდარა, ყოველ შემთხვევაში, მე ამ ფაქტის შემსწრე არ ვარ. მით უმეტეს, ვადები სამხედრო დანაშაულს არ აქვს. დღეს როდესაც ვინმე საუბრობს, რომ შენი ქვეყნის მეომრები ხოცავდნენ ტყვედ აყვანილ მოწინააღმდეგეებს, ეს, ჩემი შეფასებით, არის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, სისტემური, ბრიყვული და ნაძირლური მიდგომა. პირდაპირ გეუბნებით. ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის შეგრძნება, რომ სადაც არ იყო, არ უნდა მოიგონოს. თუ იგონებს, ისეთი რამ არ უნდა მოიგონოს, რაც სახელმწიფოს ზიანს მიაყენებს. თუ არ იგონებს, გასცეს პასუხი, დაასახელოს კონკრეტული დრო, თარიღი, ადგილი, ვითარება, რომელი ხელმძღვანელის ქვეშ იყო მსახურება, რომელ სამხედრო ნაწილთან იყო მიმაგრებული და ასე შემდეგ, დანარჩენი შეფასებისა და გემოვნების საკითხია“, – განაცხადა კობალაძემ.

მსგავსი