გია ბარამიძე - „ქართულ ოცნებასთან“ არაფერი შესათანხმებელი არ გვაქვს, მომხრე ვარ დიალოგის, რომელიც გაიმართება ხალხის თვალწინ
გია ბარამიძე - „ქართულ ოცნებასთან“ არაფერი შესათანხმებელი არ გვაქვს, მომხრე ვარ დიალოგის, რომელიც გაიმართება ხალხის თვალწინ

„ქართულ ოცნებასთან“ არაფერი შესათანხმებელი არ გვაქვს და „ქართულ ოცნებას“ არ შევუთანხმდებით, ეს არის რუსული ოცნება, ეს არის კიბო ჩვენი საზოგადოების სხეულზე, რომელიც უნდა მოიცილოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ გიორგი გახარიას ინიციატივასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

გიორგი გახარიამ „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ღია სამმხრივი მოლაპარაკებები შესთავაზა, რომლის მიზანიც იქნება დაბალანსებული საკრებულოების საკადრო შემადგენლობების მიღება.

როგორც გია ბარამიძემ აღნიშნა, დიალოგის მომხრეა ყოველთვის, ნებისმიერ იმ პოლიტიკური ძალასთან, რომელიც არის ამ რეჟიმის ნამდვილი ოპოზიცია.

„მომხრე ვარ დიალოგის, რომელიც გაიმართება ხალხის თვალწინ. არაფერი ჩვენ არავისთან შესათანხმებელი, ზურგს უკან ჩასაწყობი არ გვაქვს, ღია დიალოგის მომხრე ვართ. ჩვენ ისედაც გვინდა, შევქმნათ მოდელი ადგილობრივ დონეზე, რომ იყოს მრავალპარტიული მმართველობა და არა ერთპარტიული. არც არავინ ცდილობს ერთპარტიულ მმართველობას არამარტო საკრებულოს დონეზე, არამედ იმ მერიებში, სადაც ახლა მეორე ტურია, სადაც ჩვენ გავიმარჯვებთ და ბევრგან გავიმარჯვებთ თუ ქართული საზოგადოება იქნება კონსოლიდირებული. იქაც გვინდა, დავამკვიდროთ ისეთი წესი მმართველობისა, რომელსაც მერე დავამკვიდრებთ, როდესაც ვაიძულებთ მარცხით, რომელსაც იწვნევს „ქართული ოცნება“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით. არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო დიალოგისა, მით უმეტეს, თუ ეს იქნება გახსნილი, საზოგადოებისთვის აბსოლუტურად გამჭირვალე“, – განაცხადა ბარამიძემ.