გია ბარამიძე - ნიკა მელიას დაპატიმრებას წინააღმდეგობას გავუწევთ, რეჟიმს მოუწევს, სპეცრაზმის გამოყენებით შტურმი მიიტანოს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე
გია ბარამიძე - ნიკა მელიას დაპატიმრებას წინააღმდეგობას გავუწევთ, რეჟიმს მოუწევს, სპეცრაზმის გამოყენებით შტურმი მიიტანოს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისთვის არნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას მიმართ მისი პარტიის წევრებიდან დაწყებული, რიგითი ქართველების ჩათვლით ყველა სოლიდარულია. ბარამიძე ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავებას არ დაუშვებენ და მშვიდობიანი ფარის მეშვეობით, ამას წინ აღუდგებიან.

„მოსალოდნელი იყო, რომ ეს პუტინის მსახური და პუტინის გეგმის შემსრულებელი ბანდა სწორედ ამას გააკეთებდა. მით უმეტეს, როდესაც გავრილოვის პირით მკაფიო ინსტრუქცია შემოთვალა პუტინმა. რადგანაც მან ჩათვალა, რომ უკვე მე-9 წელს ღიათაც უნდა ემორჩილებოდეს ეს რეჟიმი პუტინის ინსტრუქციებს და დროა, ღიად მიღებული ინსტრუქციების შესაბამისად იმოქმედონ. ამიტომ, არავის გაკვირვებია.

ჩვენი გეგმები არ იცვლება. ველოდით და ნათქვამიც გვქონდა, რომ არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, არამედ სხვა პარტიის წარმომადგენლებიც და რიგითი ქართველები ყველა არის სოლიდარული ნიკა მელიას მიმართ. ყველა ეცდება, იყოს აქ, რათა მელიას ცოცხალ ფარად წინ დაუდგეს და არ მივცეთ საშუალება, ნიკა მელია სრულიად პოლიტიკური მოტივებით, თითიდან გამოწოვილი ბრალდებით დააპატიმროს და თავისუფლება აღუკვეთოს. მშვიდობიანი ფარი იქნება, წინ აღვუდგებით, რა თქმა უნდა, არაძალადობრივად. ოღონდ ეს იქნება ძალიან სერიოზული მშვიდობიანი წინააღმდეგობა. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ამ რეჟიმს მოუწევს, სპეცრაზმის გამოყენებით შტურმი მიიტანოს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე. ვნახოთ, ამას როგორ გააკეთებენ“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

ამასთან, გია ბარამიძე აცხადებს, რომ საღად მოაზროვნე ადამიანებმა კარგად იციან, ვინ არის შეკრული გავრილოვთან და ვინ არიან გავრილოვები.

„ტრადიციულად, თავდაყირა აყენებენ რეალობას, რომ ისინი არიან ის ნაძირლები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ესენი არიან ის ნაძირლები, რომლებიც იგონებენ ისტორიებს ჩვენი ხელისუფლების შესახებ. ესენი არიან ის ნაძირლები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ იცის, მათ დაპატიჟეს გავრილოვი, მიუხედავად წინასწარი პროტესტისა, ჩამოათრიეს ეს საქართველოს მტერი. შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში მიიყვანეს და იქაც პროტესტი იყო, საღამოს ბანკეტზე ღვინის ჭიქები უჭახუნეს. ამაზეც პროტესტი იყო და ვაფრთხილებდით, მაინც შეიყვანეს პარლამენტში და ახლა ისინი ლაპარაკობენ, რომ გავრილოვი ჩვენთან არის შეკრული? ესენი ჩვეულებრივი უტიფარი, მატყუარა, უნამუსო, ნაძირლები არიან და ვიზეც მოქმედებს, მოქმედებს. საღად მოაზროვნე ადამიანებმა, ვისაც თვალიც აქვს, ყურიც და აღქმის უნარი, კარგად იციან, ვინ არის შეკრული გავრილოვთან და ვინ არიან გავრილოვები“, – აღნიშნა გია ბარამიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

საკითხს სხდომაზე 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ოპოზიციის წარმომადგენლებიდან წინააღმდეგ ხმა მისცეს ლევან იოსელიანმა და ალეკო ელისაშვილმა, ხოლო კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს „ვროპელი სოციალისტების“ წევრებმა, ავთანდილ ენუქიძემ, დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ.

დატოვე კომენტარი