გია ბარამიძე - ე.წ. არჩევნების ნაცვლად, 4 ოქტომბერს, ოთხ საათზე ხალხი გამოვა რუსთაველზე, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით, ვინც ვერ შეძლებს, თავის ქალაქში გააპროტესტებს და ამ რეჟიმს ყველა ერთად ვეტყვით არას
გია ბარამიძე - ე.წ. არჩევნების ნაცვლად, 4 ოქტომბერს, ოთხ საათზე ხალხი გამოვა რუსთაველზე, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით, ვინც ვერ შეძლებს, თავის ქალაქში გააპროტესტებს და ამ რეჟიმს ყველა ერთად ვეტყვით არას

ჩვენ არ ვართ ინფორმირებული ამასთან დაკავშირებით, – ასე უპასუხა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გია ბარამიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, „რა პროცესები უნდა განვითარდეს რუსთაველის გამზირზე 4 ოქტომბერს, რათა ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა მოხდეს, როგორც ოპოზიცია თავის ამომრჩეველს დაჰპირდა და როგორია სცენარი“.

შეკითხვაზე, „მშვიდობიანი დამხობის ფორმულირება ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ იყო და როგორ უნდა გაიგოს საზოგადოებამ, რომ პარტია მიდის აქციაზე, რომლის სავარაუდო განვითარების სცენარი არ იციან“, – გია ბარამიძემ განაცხადა, რომ ფორმულირება პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის იყო, მაგრამ პარტიულად ეს პროცესი არ წარიმართება.

„ხაზგასმით ვიმეორებ, ბატონ პაატას მიაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად, რომ აქ პარტიები არ იყვნენ ორგანიზატორები. ეს არის პრინციპული მისთვის და ბუნებრივია, ჩვენ ვერც ვერაფერს დავაძალებთ მას. ჩვენ ისედაც, სხვასაც რომ მოეწოდებინა, გამოდით ქუჩაში ამ რეჟიმის შესაცვლელადო, იმასაც მხარს დავუჭერდით, რადგან ამ რეჟიმის შესაცვლელად ვიბრძვით მშვიდობიანად, არაძალადობრივად, უკვე 13 წელიწადია“, – განაცხადა ბარამიძემ.

რაც შეეხება კითხვას, „იქნებ, არ არის მშვიდობიანი ის სცენარი, რომელსაც პაატა ბურჭულაძე განიხილავს“, – გია ბარამიძემ აღნიშნა, რომ მათი სცენარი მკაფიოა.

„ხალხი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიდეს რუსული სპეცოპერაციის უბნებზე, რითაც ეს რეჟიმი ცდილობს, რაღაცნაირად, მის დამპალს სხეულზე, პოლიტიკურ სხეულზე, ფერუმარილი წაისვას და გაიკეთილშობილოს. ნაცვლად რუსული სპეცოპერაციის პუნქტებისა, ანუ ე.წ. არჩევნებისა, ხალხი 4-ში, ოთხ საათზე გამოვა რუსთაველის გამზირზე, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით. ვინც ვერ შეძლებს, დარჩება თავის ქალაქში. შეიძლება, ტექნიკური მიზეზების გამო ვერ წამოვიდეს ვთქვათ, ბათუმიდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან, თელავიდან. ისინი დარჩებიან, გააპროტესტებენ და ამ რეჟიმს ეტყვიან, ჩვენ ყველანი ერთად ვეტყვით – წადით, ყველანი ერთად ვეტყვით არას. ქართველი ხალხის სიმრავლეზე, ორგანიზებულობაზე, მშვიდობიან და არაძალადობრივ ქმედებაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ყველას გამარჯვება. პრინციპულად მნიშვნელოვანია თითოეული ეს კომპონენტი.

ბატონი პაატა ამბობს და მეც მჯერა, რომ ამის საშუალება, უნარი ქართველ ხალხს აქვს და გადაწყვეტს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი, რომელიც შეიკრიბება მშვიდობიანად, არაძალადობრივად. ყველა ერთად ვეტყვით ამ რეჟიმს – წადით. ეს რეჟიმი ძალიან მოფამფალებულია, ძალიან დიდი პრობლემები აქვს შიგნით, ერთმანეთს კლავენ, გავიხსენოთ რიჟვაძე, რომელსაც ნაკლებად იხსენებენ ამ რეჟიმის პროპაგანდისტული მედიები. კლავენ და თქვეს, ვიდეოკადრებიც გვაქვს, რომ არ მოგვიკლავს, თვითონ იკლავდა თავსო, თითქოს, ეს უკეთესი ამბავი იყოს, რომ ადამიანი სიკვდილამდე მიიყვანო, ისე გაამწარო“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

ამასთან, გია ბარამიძის თქმით, „სამწუხაროა, რომ მოღალატეთა რუსულ ბანდას მოსახლეობის გარკვეული პროცენტი უჭერს მხარს“.

„შეიძლება, იყოს ეს 10%, ან 12% შეიძლება, უჭერდეს ამწუთას მხარს საქართველოში. ყველა საქართველოს მოქალაქეა და ვერავის აუკრძალავ, ვინ მოსწონდეს და ვინ არ მოსწონდეს, მაგრამ ეს რეჟიმი სამართლიანი არჩევნების დროს პირწმინდად დამარცხდება. თუ ექნება შნო ბიძინა ივანიშვილს, რომ დარჩეს პოლიტიკაში და იყოს ოპოზიციაში, იქნებიან ოპოზიციაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოპარულ მილიარდებს არ მოიტანს უკან და ბიუჯეტში არ დააბრუნებს, თვითონ და მისი ბანდაც“, – განაცხადა გია ბარამიძემ.