გია ბარამიძე - აუცილებლად გავიმარჯვებთ, ნიკა მელიასაც დავიცავთ და ეს რეჟიმიც დასრულდება
გია ბარამიძე - აუცილებლად გავიმარჯვებთ, ნიკა მელიასაც დავიცავთ და ეს რეჟიმიც დასრულდება

ეს არის ქართველი ხალხის, ყველა პატრიოტის პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი, ხილული გამარჯვება. მანამდე დიდი გამარჯვება იყო არჩევნებიც, როდესაც ხალხმა ზურგი შეაქცია ივანიშვილს, ასევე პოლიტიკური პარტიების ერთიანობა კოლაბორაციონისტული რეჟიმის წინააღმდეგ, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გია ბარამიძე გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვებას.

მისი თქმით, წინ შემდეგი გამარჯვებებია და „დღევანდელი რეჟიმი აუცილებლად დასრულდება“.

ამასთან, ბარამიძის განმარტებით, გავრილოვმა პუტინის ბრძანება გაახმოვანა, რაც „საქართველოში კოლექტიურმა გავრილოვებმა უსიტყვოდ შეასრულეს“.

„ნათელია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკაცია იმისა, რომ გავრილოვების რეჟიმი იმდენად ძირფესვიანად დალპა, გავრილოვის ღამის თვით ერთ-ერთი შემოქმედი, საოცრად ცუდად ცნობილი ოდიოზური ფიგურა, თვალთხარია გახარიაც კი უკვე ყაბულს არ არის, იყოს ნაწილი ამ რეჟიმის, რომელიც, როგორც ჩანს, აპირებს, ძალიან შორს წავიდეს საქართველოს ღალატში.

ჩვენ ამ დღეებში ვნახეთ, გავრილოვის პირით ვლადიმერ პუტინმა პირდაპირ როგორც შემოთვალა, რომ გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით პრევენციის მიზნით ნიკა მელია უნდა დაიჭირონ. თუ ვინმემ არ მიაქცია ამას ყურადღება, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რა მოხდა. გავრილოვმა პუტინის ბრძანება გააჟღერა და ამ კოლექტიურმა გავრილოვებმა, ივანიშვილის ბანდამ ეს უსიტყვოდ შეასრულა. სამწუხაროდ, ამ მდგომარეობამდე მივიდა ჩვენი ქვეყანა – დეგრადირდა. პუტინი უკვე საჯაროდ გვითვლის, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, ამ შემთხვევაში მე ამას ძალიან დიდი გულისტკივილით ვამბობ. ბანდაა, თუ რაც არის, ქართველები არიან და საქართველოს ხელისუფლება კი, უზურპირებულია. შეურაცხმყოფელია თითოეული ქართველისთვის, როდესაც ოკუპირებულ საქართველოში, ოკუპანტი იმპერატორი რაღაცას შემოგითვლის და დამონებული ხელისუფლება პირდაპირ ასრულებს ამ ბრძანებებს.

პოლიტიკური კრიზისი გახარიას გადადგმომადეც დიდი იყო, რადგან ვიცით ჩვენ, რომ ჯიბის ცესკო-მ გამოაცხადა,  საქართველოს მოსახლეობის, ამომრჩევლის 52-მა პროცენტმა, ზურგი შეაქცია ამ რეჟიმს. ხომ ოფიციალური მონაცემია? ხომ ყველამ ვიცით? 52-მა პროცენტმა ივანიშვილის რეჟიმს უთხრა – გადადი ოპოზიციაში, თუ ამის უნარი გაქვს. მაგრამ ივანიშვილს აქვს მცდელობა, მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია და ქართველი ხალხის, უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ დარჩეს ხელისუფლებაში. ეს არის უკვე უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რადგან ჩვენ არ გვყავს ლეგიტიმური პარლამენტი და შესაბამისად, არ გვყავს და არც აქამდე გვქონდა ლეგიტიმური მთავრობა.

უბრალოდ ახლა ამ არალეგიტიმურობის და ამ რეჟიმის წრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ვიხილეთ. ეს არის ქართველი ხალხის, ყველა პატრიოტის პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი, ხილული გამარჯვება. მანამდე ძალიან დიდი გამარჯვება იყო ის არჩევნებიც, როდესაც ხალხმა ზურგი შეაქცია ივანიშვილს და მეორე – ამ 52 პროცენტის და სინამდვილეში მეტის წარმომადგენელი პოლიტიკური პარტიების ერთიანობა ამ კოლაბორაციონისტული რეჟიმის წინააღმდეგ. ასე რომ, წინ შემდეგი გამარჯვებისკენ, აუცილებლად გავიმარჯვებთ, ნიკა მელიასაც დავიცავთ და ეს რეჟიმიც აუცილებლად დასრულდება“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

დატოვე კომენტარი