ღვინის ეროვნული სააგენტოს, მთავრობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის კონსულტაციის შედეგად, ჩასაბარებელი ყურძნის ფასი იცვლება

14:57, 22.09.2026

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან კონსულტაციის შედეგად, ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში ცვლილებები შედის. ამის შესახებ მეხუზლამ გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვითვალისწინებთ რა იმ მოცემულობას, რომ წელს იყო უხვი ნალექი და ყურძენს გაუჭირდა შაქრიანობის აღება, კონდიციურობის მიხედვით იქნება ახალი ფასები. კერძოდ: მაღალკონდიციური ყურძენი: 20 გრადუსიდან ზემოთ საფერავის შემთხვევაში – 1.50 ლარი; 19 გრადუსიდან ზემოთ რქაწითელის და სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში – 1.30 ლარი;​ დაბალკონდიციური ყურძენი: 16-დან 20 გრადუსამდე საფერავი – ერთი ლარი; 16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელი და სხვა დანარჩენი ყურძენი – 90 თეთრი;

16 გრადუსამდე არაკონდიციურად ითვლება ყურძენი, რომელიც არც საღვინედ არის ვარგისი და არც სასპირტედ, ფაქტობრივად, არის მკვახე ყურძენი. მოგეხსენებათ, სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ვუშვებთ გამონაკლისს, რათა მევენახემ შეძლოს გაწეული ხარჯების დაფარვა და მისი ღირებულება იქნება 50 თეთრი, ჰიბრიდი – 30 თეთრი. რაც შეეხება იმ მევენახეებს, რომლებმაც მოქმედი ღირებულებით ჩააბარეს ყურძენი, ახალი ფასებით მოხდება გადათვლა და დაუკომპენსირდებათ შესაბამისი სხვაობა“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

მსგავსი