ღვინის ეროვნული სააგენტო – საქართველოში 323,3 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

11:02, 30.10.2026

30 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში გადამუშავებულია 323,3 ათას ტონამდე ყურძენი, — ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რთველი აქტიურ ფაზაშია ლეჩხუმის რეგიონში, სადაც გადამუშავდა 500 ტონამდე ყურძენი.

„ლეჩხუმში საპროგნოზო მოსავალი 1 300 ტონამდეა. ლეჩხუმში მევენახეებისგან ყურძენს იბარებს როგორც კერძო სექტორი, ისე ჭარბ ყურძენს — სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“.

კახეთში, სადაც რთველი დასასრულს უახლოვდება 314,5 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. აქედან მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო ყურძენი, დანარჩენი მაღალი და საშუალო ხარისხის მოსავალია. კახეთში შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ფიზიკური პირებისგან ხარისხის მიხედვით დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს: საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია, ერთი კგ – 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე – ერთი ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის – 50 თეთრი. რქაწითელის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი – 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე – 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები – 50 თეთრი.

რთველი დასრულდა რაჭაში, სადაც გადამუშავდა 3,6 ათას ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენი.

რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეული არანაკლებ სამი ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და მევენახეს არანაკლებ რვა ლარი გადაუხადა. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს ოთხ ლარს, როგორც ერთი კგ ალექსანდროულის, ასევე მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე“, — ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი