ღვინის ეროვნული სააგენტო – ქართული ღვინის ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, პოლონეთში, აქტიური მარკეტინგული კამპანია 2021 წელსაც გაგრძელდება
პოლონეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებს კომპანია „მალინოვა” განახორციელებს.
ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და პოლონურ მარკეტინგულ კომპანიას Malinova spólka z ograniczoną odpowiedzialnością S.K შორის თანამშრომლობის შესახებ კონტრაქტს ხელი უკვე მოეწერა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს, „მალინოვას“ ორგანიზებით, ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია სხვადასხვა ადგილობრივ მედიაპლატფორმაზე კომპლექსურად განხორციელდება. პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები გაიმართება; ქართული ღვინოები წარდგენილი იქნება ადგილობრივ საერთაშორისო კონკურსებზე, მოეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, მომზადდება საპრომოციო დოკუმენტური ფილმი ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიაზე.
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. გასულ წელს, პოლონეთში 5 მლნ-ზე მეტი ბოთლის ექსპორტი და 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2020 წელს, პოლონეთმა 60 ექსპორტიორ ქვეყანას შორის მე-3 ადგილი დაიკავა.
ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრებია ასევე, აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია და ბალტიისპირეთის ქვეყნები.