ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე ზაგრების გრან პრის დასკვნით დღეს მედლების მოსაპოვებლად ოთხი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან სამი ფინალურ ბლოკში გადავიდა.
ტურნირზე საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა ბექა ღვინიაშვილმა (90კგ), რომელმაც ფინალში ბრაზილიელი რაფაელ მაჩედო იპონით დაამარცხა.
შეჯიბრზე ცოტა ხანში ასევე პირველი ადგილისთვის იბრძოლებს ახალგაზრდა ილია სულამანიძეც (100კგ), ქართველმა ნახევარფინალში პოლონელ პიოტრ კუჩერას სძლია და ოქროს მედლისთვის ნიდერლანდელ მიხაელ კორელს შეხვდება.
ზაგრების გრან პრის ფინალურ ბლოკში მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, სადაც მისი მეტოქე მონღოლი ამარსკაიჰანი იქნება.
ტურნირზე გამომსვლელი მეოთხე ქართველი, მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი ნახევარფინალში შესრულებული სახიფათო ილეთის გამო გათამაშებას გამოეთიშა.
შეჯიბრზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ტურნირზე ვერცხლისმედალოსანი ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ახალგაზრდა გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) მოიპოვეს.