ღვინიაშვილი და სულამანიძე ფინალში იჭიდავებენ - სომხიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე ზაგრების გრან პრის დასკვნით დღეს მედლების მოსაპოვებლად ოთხი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან სამს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.
ტურნირზე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს ბექა ღვინიაშვილი (90კგ), რომელმაც ნახევარფინალში იაპონელი ნაგასავა დაამარცხა. ბექას მეტოქე ფინალში ბრაზილიელი რაფაელ მაჩედო იქნება.
შეჯიბრზე ასევე პირველი ადგილისთვის იბრძოლებს ახალგაზრდა ილია სულამანიძეც (100კგ), ქართველმა პოლონელ პიოტრ კუჩერას სძლია და ოქროს მედლისთვის ნიდერლანდელ მიხაელ კორელს შეხვდება.
ზაგრების გრან პრის ფინალურ ბლოკში მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, სადაც მისი მეტოქე მონღოლი ამარსკაიჰანი იქნება.
ტურნირზე გამომსვლელი მეოთხე ქართველი, მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი ნახევარფინალში შესრულებული სახიფათო ილეთის გამო გათამაშებას გამოეთიშა.
შეჯიბრზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ტურნირზე ვერცხლისმედალოსანი ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ახალგაზრდა გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) მოიპოვეს.
ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.