„ღირსეული პარტნიორი 2020“ გახსნის გენერალური რეპეტიცია გაიმართა
„ღირსეული პარტნიორი 2020“ გახსნის გენერალური რეპეტიცია გაიმართა

ვაზიანში მეოთხე მექანიზებული ბრიგადა მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ ოფიციალური გახსნისთვის ემზადება. ბოლო დეტალები სწავლების ხელმძღვანელმა და მონაწილე პირადმა შემადგენლობამ გენერალურ რეპეტიციაზე საბოლოოდ შეაჯერა და დააზუსტა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწავლების ოფიციალური გახსნისთვის საქართველოში საჰაერო გზით ეტაპობრივად უკვე ჩამოვიდა მონაწილე ქვეყნების პირადი შემადგენლობა, ხოლო საზღვაო გზით ფოთის პორტში ამერიკული სამხედრო ტექნიკით დატვირთული გემი „ოუშენ ფრიდომი“ (Ocean Freedom) აშშ-იდან, ვირჯინიის პორტის ნორფოლკის ტერმინალიდან რუმინეთის კონსტანცას პორტის გავლით შემოვიდა. სამხედრო ტექნიკის კონვოი, რომელზეც პარტნიორობის ნიშნად სიმბოლურად საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო დროშები იყო დამაგრებული, სწავლების თეატრის – ვაზიანის მიმართულებით მარშირებით გადაადგილდა.

„ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელსაც საქართველო წელს მეხუთედ მასპინძლობს, ოფიციალურად დღეს ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე იხსნება და 18 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. წელს მრავალეროვნულ სწავლებაში საქართველო ნატო-ს წევრ ოთხ ქვეყანასთან ერთად – აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და პოლონეთი იღებს მონაწილეობას. სწავლების მიზანია საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია“.

დატოვე კომენტარი