ღია ვარჯიში ისტორიულ მატჩამდე - „შავი ლომი“ „გლოსტერთან“ მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT
ღია ვარჯიში ისტორიულ მატჩამდე - „შავი ლომი“ „გლოსტერთან“ მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT

„ჩელენჯ თასზე“ ინგლისურ „გლოსტერთან“ სადებიუტო მატჩამდე ორი დღით ადრე „შავმა ლომმა“ „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში ჩაატარა, რომელსაც გულშემატკივრებიც დაესწრნენ.

ვარჯიში დაახლოებით საათ-ნახევარი გაგრძელდა, რომელიც ორმხრივი თამაშით დასრულდა. მისი დასრულების შემდეგ „შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა და გუნდის კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ მომავალი შეხვედრის მოლოდინებზეც ისაუბრეს.

„შავი ლომისა“ და „გლოსტერის“ დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 9 დეკემბერს, 17:00 საათზე დაიწყება.

ლევან მაისაშვილი: „ისტორიული დღე ახლოვდება და ყველა კარგ განწყობაზე ვართ. „ჩელენჯ თასზე“ თამაში ქართული რაგბისთვის დიდი შესაძლებლობაა. მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია უდიდესი ისტორიით. ვემზადებით სრული მონდომებით და ვეცდებით, მაყურებელს კარგი რაგბი ვაჩვენოთ“.

მერაბ შარიქაძე: „ქართული რაგბი დიდი ხანი ელოდა ამ შესაძლებლობას, შანსი მივიღეთ და მას სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით. მიუხედავად იმისა, რომ „გლოსტერი“ უძლიერესი შემადგენლობით არ ჩამოვიდა, მის რიგებში მრავლად არიან კარგი შემსრულებლები. ხშირ შემთხვევაში გადახალისებული შემადგენლობა მეტი მონდომებით თამაშობს, რადგან ახალგაზრდები მოტივირებულები არიან და მიღებული შანსის გამოყენებას ცდილობენ. წინ საინტერესო ბრძოლა გველოდება“.

შეგახსენებთ, რომ „ჩელენჯ თასის“ სადებიუტო სეზონში, მესამე ჯგუფში, „შავი ლომის“ მეტოქეები ფრანგული „კასტრი“ და „კლერმონი“, შოტლანდიური „ედინბურგი“, ინგლისური „გლოსტერი“ და უელსური „სკარლეტსი“ იქნებიან.

„ჩელენჯ თასზე“ „შავი ლომის“ თამაშების განრიგი:


პირველი ტური


9 დეკემბერი

„შავი ლომი“ – „გლოსტერი“


მეორე ტური


15 დეკემბერი

„სკარლეტსი“ – „შავი ლომი“


მესამე ტური


13 იანვარი, 2024

„კასტრი“ – „შავი ლომი“


მეოთხე ტური


20 იანვარი

„შავი ლომი“ – „კლერმონი“