ღაზის სექტორთან დაპირისპირებისას ორი პალესტინელი დაიღუპა, 46 კი დაშავდა
ღაზის სექტორთან დაპირისპირებისას ორი პალესტინელი დაიღუპა, 46 კი დაშავდა

ღაზის სექტორთან ისრაელის სამხედრო მოსამსახურეებსა და არაბებს შორის მორიგ დაპირისპირებას ორი პალესტინელი შეეწირა, 46 კი დაშავდა. Reuters-ის ცნობით, ღაზის სექტორის საზღვართან პალესტინელები ისრაელელი სამხედრო მოსამსახურეების მიმართულებით ქვებს ისროდნენ. საპასუხოდ კი ჯარისკაცებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს.

ისრაელის არმიის წარმომადგენლების თქმით, სამხედრო მოსამსახურეებმა ცეცხლი იმ პირების მიმართულებით გახსნეს, რომლებსაც ხელში საეჭვო ნივთები ეჭირათ და სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თავდასხმას გეგმავდნენ.

ღაზის სექტორის საზღვართან დემონსტრაციები უკვე რადენიმე თვეა გრძელდება. „დაბრუნების დიდი აღლუმის“ სახელით ცნობილი აქციები ყოველ პარასკევს იმართება. მასში ათასობით პალესტინელი იღებს მონაწილეობას.

პალესტინელები 1948 წლის ომის დროს დაკარგულ ტერიტორიაზე უფლებების აღდგენასა და ისრაელის მხრიდან ღაზას სექტორზე არსებული ბლოკადის შემსუბუქებას ითხოვენ.

მასშტაბური დემონსტრაციები კი ხშირად პალესტინელებისა და ისრაელელი ჯარისკაცების შეტაკებებით სრულდება.

30 მარტის შემდეგ, აქციებზე მომხდარ არეულობებს საერთო ჯამში 181 პალესტინელი შეეწირა.