ღაზის სექტორში ისრაელთან ომის შეწყვეტის მოთხოვნით, „ჰამასის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
ღაზის სექტორში ისრაელთან ომის შეწყვეტის მოთხოვნით, „ჰამასის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

ღაზის სექტორში „ჰამასის“ საწინააღმდეგო დემონსტრაცია გაიმართა, რომელზეც ასობით ადამიანი შეუერთდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, პალესტინელები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში გამართულ დემონსტრაციაზე შეიკრიბნენ და ისრაელის წინააღმდეგ ომის შეწყვეტა მოითხოვეს. საპროტესტო აქციაში ძირითადად მამაკაცები მონაწილეობდნენ. ისინი ღაზის სექტორის მმართველი რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების, „ჰამასის“ საწინააღმდეგო სლოგანებს სკანდირებდნენ.

აქტივისტების ნაწილი აცხადებს, რომ „ჰამასის“ მმართველობის დასრულება თუ ღაზის სექტორში ომს დაასრულებს, მაშინ დაჯგუფების წევრებმა უნდა დათმონ ხელისუფლება.

მომიტინგეების ნაწილი აცხადებდა, რომ არ იცის, ვინაა დემონსტრაციის ორგანიზატორი. აქციაზე ასევე შენიშნეს „ჰამასის“ უსაფრთხოების სამსახურების სამოქალაქო ფორმიანი თანამშრომლები, რომლებიც მომიტინგეების დაშლას ცდილობდნენ.

ცნობისთვის, 18 მარტს ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტების წინააღმდეგ საავიაციო დარტყმები განაახლა. 19 მარტიდან კი განახლდა სახმელეთო ოპერაციაც. ისრაელის მიზანია, ზეწოლა მოახდინოს „ჰამასზე“, რათა მათ გაათავისუფლონ ამ დრომდე ტყვეობაში მყოფი მძევლები.