ღაზის სექტორში ბოლო 24 საათში ისრაელის იერიშის შედეგად, სულ მცირე, 66 ადამიანი დაიღუპა

17:19, 04.10.2025

„ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზის სექტორში ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, სულ მცირე, 66 ადამიანი დაიღუპა.

მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ღაზის სექტორის საავადმყოფოებში კიდევ 265 დაშავებული მიიყვანეს.

სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რამდენიმე ადამიანი ნანგრევების ქვეშ რჩება.

„ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყებიდან დღემდე ღაზაში 67 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 157 673-ზე მეტი კი დაშავდა.

ცნობისთვის, 3 ოქტომბერს დაჯგუფება „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტაზე დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა. „ჰამასის“ მაღალჩინოსნების თქმით, ისინი ეთანხმებიან აშშ-ის მიერ წარდგენილ გეგმას და „მცირე ცვლილებებს“ მოითხოვენ. გავრცელებული ცნობით, „ჰამასი“ თანახმაა, გაათავისუფლოს ყველა მძევალი, მათ შორის დააბრუნოს დაღუპულთა ცხედრები.

მსგავსი