ღაზის სექტორში აცხადებენ, რომ ისრაელის იერიშის შედეგად ქალაქ ღაზაში 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად 80-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, მათი უმეტესობა ქალაქ ღაზაში იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის სექტორში არსებული საავადმყოფოები ავრცელებენ.
მათივე ცნობით, დაღუპულებს შორის, სულ მცირე, 20 ქალი და ბავშვია, რომლებიც ღამით ქალაქ ღაზის ცენტრალურ უბანში, ფირასის ბაზრის მახლობლად თავშესაფარში იმყოფებოდნენ.
ისრაელის სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ მათ სამიზნეს „ჰამასის“ ორი მებრძოლი წარმოადგენდა და ინფორმაცია დაღუპულთა რიცხვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
„ბიბისი“ წერს, რომ ისრაელის ტანკები და ჯარები ქალაქ ღაზის ცენტრისკენ წინსვლას განაგრძობენ, რაც ისრაელის ჯარის ინფორმაციით, „ჰამასის“ უკანასკნელი დასაყრდენია.
ცნობისთვის, სექტემბრის დასაწყისში ისრაელის სამხედროებმა ქალაქ ღაზის მცხოვრებლებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს მიმართეს, ქალაქი დაეტოვებინათ და სექტორის სამხრეთ ნაწილში გადასულიყვნენ. იმ დროისთვის ქალაქში დაახლოებით მილიონი ადამიანი იმყოფებოდა.