ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, საპასუხო იერიშებს კი 23 პალესტინელი ემსხვერპლა
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, საპასუხო იერიშებს კი 23 პალესტინელი ემსხვერპლა

ბოლო ერთი დღის განმავლობაში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 600 რაკეტა გაუშვეს. მათი დიდი ნაწილი თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გააუვნებელყო. ამის შესახებ ისრაელის პოლიციის უფროსმა, მიკი როზენფელდმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

35 რაკეტა დასახლებულ პუნქტებში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის არმიის ცნობით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში განგაშის სირენების ხმა პერიოდულად ისევ ისმის.

სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზის სექტორში ავიადარტყმები 300-ზე მეტ სამიზნეზე განახორციელა. დაბომბილ სამიზნეებს შორისაა მოძრაობა „ჰამასის“ საწვრთნელი ბანაკები, მიწისქვეშა გვირაბები, იარაღის საწყობები.

არაბული მედიის ცნობით, ავიადარტყმების შედეგად გარდაცვლილია, 23 პალესტინელი, მათ შორის „ჰამასის“ საველე მეთაური ჰამედ აჰმად ალ ხოდარი.