ღასან ხალილი - მინდა, ვთხოვო ჟურნალისტებს, იყვნენ ეთიკურები და ეთიკურად გააშუქონ ბავშვების ისტორიები
ღასან ხალილი - მინდა, ვთხოვო ჟურნალისტებს, იყვნენ ეთიკურები და ეთიკურად გააშუქონ ბავშვების ისტორიები

ნინოწმინდის პანსიონის ბავშვებმა მითხრეს, რომ არ სურდათ, რომ ჟურნალისტები კედლებზე ადიოდნენ და მათ იღებდნენ, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყვეტილება იყო უმაღლესი პრიორიტეტის მინიჭება თითოეული ბავშვის საუკეთესო ინტერესისთვის.

„ამას ადასტურებენ სამინისტროც, საპატრიარქოც, იუნისეფიც და „ვორლდ ვიჟენიც“. თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს ოჯახური გარემო. ბავშვები ინსტიტუციებიდან, მათ შორის, ნინოწმინდიდან ბიოლოგიურ ოჯახებში უნდა დაბრუნდნენ. თუკი ასეთი ოჯახი არ გვყავს, მაშინ უნდა მოვიძიოთ ის ოჯახი, რომელიც იშვილებს ბავშვს. ნინოწმინდასთან დაკავშირებით, სამინისტროც გეტყვით, რომ ყოველდღიურად ბავშვები საკუთარ ოჯახებს მიჰყავთ. ეს პოზიტიური ამბავია. თუმცა, მნიშვნელოვანია იუნისეფისთვის, რომ ეს პროცესი ერთ ინსტიტუციაზე არ გაჩერდეს, ქვეყანაში არსებული ყველა ინსტიტუცია შესაბამისობაში უნდა იყოს ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან, განსაკუთრებით კი, საპატრიარქომ და ქართულმა საზოგადოებამ ოჯახი ქვაკუთხედად მიიჩნიოს. მინდა, ასევე ვთხოვო ჟურნალისტებს, იყვნენ ეთიკურები და ეთიკურად გააშუქონ ბავშვების ისტორიები. ფეხბურთს ვთამაშობდი ნინოწმინდიდან პანსიონის ბავშვებთან, მათ მითხრეს, რომ არ სურდათ, ჟურნალისტები კედლებზე ადიოდნენ და მათ იღებდნენ. ჩვენ სიმშვიდე გვინდა, არ გვსურს სტრესი. გთხოვთ, რომ შეასრულოთ“, – განაცხადა ღასან ხალილმა.