გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი - ძალადობის, შეურაცხყოფისა და ექსპლუატაციის ნებისმიერი შემთხვევა სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული
გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი - ძალადობის, შეურაცხყოფისა და ექსპლუატაციის ნებისმიერი შემთხვევა სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული

ძალადობის, შეურაცხყოფისა და ექსპლუატაციის ნებისმიერი შემთხვევა იქნება ეს ნინოწმინდაში თუ ნებისმიერ სხვა ინსტიტუტში, სკოლაში ან სხვა ადგილას, უნდა იყოს სათანადოდ გამოძიებული, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსი კრძალავს ყველა სახის ფიზიკურ დასჯას ბავშვების წინააღმდეგ, – ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა ნინოწმინდაში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ღასან ხალილმა აღნიშნა, ყველა მხარე ფოკუსირებული უნდა იყოს ბავშვების საუკეთესო ინტერესებზე.

„უნისეფი თავის განცხადებაში მკაფიოდ ამბობს, რომ ძალადობის ყველა შესაძლო შემთხვევა ნინოწმინდაში, თუ სადმე სხვა ინსტიტუტში უნდა იყოს დეტალურად გამოძიებული. ჩვენ პატივს ვცემთ სასამართლოს გადაწყვეტილებებს და იმ პროფესიონალებს, ვინც მუშაობენ ბავშვებთან. ასევე უნდა იყვნენ ორიენტირებული ბავშვების უფლებების დაცვაზე, მათ პატივის უნდა სცენ ბავშვებზე მორგებულ პროცედურებს, განსაკუთრებით იმ შეთხვევებში, როდესაც ბავშვები არიან მოწმეები ან მსხვერპლი. მე ასევე მსურს, მოვუწოდო ჟურნალისტებს, ეთიკურად გააშუქონ ბავშვებთან დაკავშირებული შემთხვევები და ბავშვების ისტორიები, ბავშვების, ოჯახების კონფიდენციალურობის პატივისცემით. ნინოწმინდა, რომელიც არის დისკუსიის საგანი, შეიძლება გახდეს ოჯახურ გარემოში ბავშვების გადაყვანისა და ინდივიდუალური მიდგომის შესწავლის მოდელი. ამას საპატრიარქოც სრულად უჭერს მხარს. ყველა მხარე ფოკუსირებული უნდა იყოს ბავშვების საუკეთესო ინტერესებზე. თუ ჩვენ გვექნება მსგავსი თანამშრომლობის სულისკვეთება, რაც დღეს ვნახე, გვექნება დიდი პროგრესი და ვიქნებით შესაბამისობაში ბავშვების აღზრდის და ბავშვთა უფლებების კონვენციასთან მიმართებაში. ძალადობის, შეურაცხყოფის და ექსპლუატაციის ნებისმიერი შემთხვევა იქნება ეს ნინოწმინდაში თუ ნებისმიერ სხვა ინსტიტუტში, სკოლაში ან სხვა ადგილას, უნდა იყოს სათანადოდ გამოძიებული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსი კრძალავს ყველა სახის ფიზიკურ დასჯას ბავშვების წინააღმდეგ“, – განაცხადა ღასან ხალილმა.

მისივე თქმით, ბავშვების საუკეთესო ინტერესი უნდა იყოს უმაღლესი პრიორიტეტი, ეს უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა ზომის, ადმინისტრაციულ, საკანონმდებლო პროცედურებსა თუ გადაწყვეტილებებში.

„მინდა, დავადასტურო, რომ ყველა ბავშვი აქვს უფლება ჰქონდეს ოჯახური გარემო. როდესაც ინსტიტუტები დაფუძნდა, და ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება, ეს საჭიროება გაჩნდა სპეციფიკური ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე. ახლა ბავშვთა უფლებების ახალი კონცეფციით, თანამედროვე სახელმწიფოს კონცეფციით, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ადაპტაცია და ბავშვები არ უნდა იყვნენ ინსტიტუტებში, ბავშვები უნდა იყვნენ ოჯახებში. დღეს მინდა, მივულოცო უნისეფ-ის სახელით ის თანამშრომლობა, რომელიც დაიწყება ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოს, იუნისეფ-სა და „ვოლდ ვიჟენს“ შორის, რომლის შედეგადაც ბავშვების საუკეთესო ინტერესებს მიენიჭება უმაღლესი პრიორიტეტი და დაიწყება ბავშვების გადაყვანა ოჯახურ გარემოში, რადგან ეს არის ის, რაც ბავშვების უფლებების დაცვის კონვენცია და ბავშვთა უფლებების კოდექსი ამბობს“, – განაცხადა ღასან ხალილმა.

მისივე თქმით, ნინოწმინდაში მცხოვრებ ბავშვებთან დაკავშირებით თითოეული ბენეფიციარის საკითხი ინდივიდუალურად არის გასავლელი.

„უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველა ბავშვი იმყოფება ოჯახურ გარემოში. მინდა მადლობა ვუთხრა სამინისტროს, საპატრიარქოს და „ვორლდ ვიჟენს“ საუკეთესო თანამშრომლობისთვის და სულისკვეთებისთვის, რომელსაც ისინი აჩვენებენ, რათა საუკეთესოდ ემსახურონ ყველა ბავშვს“, – განაცხადა ღასან ხალილმა.