Getfootballnewsfrance – მიქაუტაძე შეუმჩნეველია „აიაქსისთვის“, „მეცს“ ტრანსფერის გამოსყიდვა არ შეუძლია, ამას სხვა ფრანგული გუნდი გააკეთებს #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის წარმატებული თამაში „აიაქსისთვის“ შეუმჩნეველი რჩება, მაგრამ, სავარაუდოდ, ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერს რომელიმე ფრანგული კლუბის გამოისყიდის. – ამის შესახებ წერილს გამოცემა Getfootballnewsfrance აქვეყნებს.
გიორგი მიქაუტაძე – „აიაქსში“ დაწუნებულიდან „მეცის“ მხსნელამდე
„ერთი გუნდისგან დაწუნებული გიორგი მიქაუტაძე მეორესთვის განძი აღმოჩნდა. ქართველი თავდამსხმელი „მეცის“ გადარჩენაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ის ცდილობს, ლიგა 2-ში არ დაბრუნდეს გუნდი, რომლის ფორმითაც გასულ სეზონში საფრანგეთის მეორე დივიზიონში 23 გოლი გაიტანა. სეზონის დასაწყისში ლიგა 1-ის პირველ სამ მატჩში მან ორი გოლი გაიტანა და ქართველი თავდამსხმელი ნიდერლანდურ გრანდში, ამსტერდამის „აიაქსში“ გადავიდა.
თუმცა, იმ ქაოსის ფონზე, რომელმაც ამ სეზონში „აიაქსი“ მოიცვა, ქართველმა თავდამსხმელმა წარმატებას ვერ მიაღწია. ერედივიზიაში 200 წუთზე ოდნავ მეტი ითამაშა, მათ შორის, მხოლოდ ორჯერ ძირითად შემადგენლობაში. დაქვეითების საფრთხის წინაშე მდგომმა „მეცმა“ კი „მეფე ჟორჟი“ დააბრუნა.
„აიაქსში“ მიღებული „ჭრილობები“ საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ მალევე გამოჩნდა – თავდამსხმელმა პირველ ხუთ მატჩში ვერ გაიტანა, მაგრამ ახლა მის ანგარიშზე უკვე 13 გოლია. წარმოუდგენელია, რომ ფეხბურთელმა, რომელმაც ლიგა 1-ში მხოლოდ მატჩების ნახევარი ითამაშა, გუნდის გოლების 30 პროცენტზე მეტი გაიტანა.
„მეფე ჟორჟის“ წვლილი, შესაძლოა, გადამწყვეტი იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს შეუმჩნეველი რჩება „აიაქსში“, რომელთანაც ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტი ოთხი წლის შემდეგ უმთავრდება. „მეცს“ მისი 10 მილიონ ევროდ გამოსყიდვა არ შეუძლიათ, მაგრამ ამას სხვა გუნდი, განსაკუთრებით, საფრანგეთში, აუცილებლად გააკეთებს“, – წერს გამოცემა getfootballnewsfrance.