გერმანული Voice-ის ქართველი გამარჯვებულის ნათია თოდუას ახალი სიმღერის პრემიერა 20 თებერვალს შედგება
გერმანული Voice-ის ქართველი გამარჯვებულის ნათია თოდუას ახალი სიმღერის პრემიერა 20 თებერვალს შედგება

გერმანული Voice-ის ქართველი გამარჯვებულის ნათია თოდუას ახალი სიმღერის პრემიერა 20 თებერვალს შედგება.

როგორც გერმანულ მედიასთან ინტერვიუში ახალგაზრდა მომღერალი ამბობს, თაყვანისმცემლები დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ მის ახალ ნამუშევარს. მისივე თქმით, სიმღერის ჩაწერა გადატვირთული საკონცერტო ტურნეს გამო გაჭიანურდა.

„დარწმუნებული ვარ, ჩემი მსმენელი მელოდება და ძალიან მიხარია, რომ ისინი ჩემს ნამუშევარს მალე მოისმენენ“, – ამბობს თოდუა.

გერმანულ მედიასთან მომღერალი თბილისში სტუმრობის შესახებ ყვება. როგორც ნათია ამბობს, თბილისში რამდენიმე დღით მშობლების მოსანახულებლად ჩავიდა.

„მამა აფხაზეთში ცხოვრობს და მასთან კონტაქტი იშვიათად მქონდა. როდესაც თბილისში ჩავედი, ისიც იქ დამხვდა. ასე რომ წლების შემდეგ საოჯახო ფოტოს გადაღებაც მოვახერხეთ” – ამბობს ნათია თოდუა.

სიმღერით, რომლის სახელწოდებაა My Own Way, ნათია თოდუა ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსზეც წარდგება, რომელიც ბერლინში 22 თებერვალს გაიმართება.

ქართველი მომღერალი იმ ექვს კონკურსანტს შორის მოხვდა, რომელთაგან ერთ-ერთი 2018 წლის ევროვიზიის კონკურსზე გერმანიას წარადგენს.