გერმანული მედია - „ვალენსიამ“ მამარდაშვილის ფასი შეამცირა, შესაძლოა, „ბაიერნში“ ქართველის ტრანსფერი კვლავ გააქტიურდეს #1TVSPORT
გერმანული მედია - „ვალენსიამ“ მამარდაშვილის ფასი შეამცირა, შესაძლოა, „ბაიერნში“ ქართველის ტრანსფერი კვლავ გააქტიურდეს #1TVSPORT

„ვალენსია“ გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ფასს ამცირებს, მიუნხენის „ბაიერნი“ კი ქართველის ტრანსფერზე მოლაპარაკებას, დიდი ალბათობით, განაახლებს – ქართველი კიპერის შესახებ წერილს გერმანული ინტერნეტპორტალი fcbinside აქვეყნებს.

„ბოლო კვირების განმავლობაში „ბაიერნი“გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე „ვალენსიას“ არაერთხელ დაუკავშირდა. 22 წლის ქართველის ირგვლივ ბოლო დროს ვითარება გაცილებით დამშვიდდა, მაგრამ, ბოლო ინფორმაციით, „ვალენსიას“ მეკარის გაყიდვა ზაფხულში სურს და მისი სატრანსფერო ღირებულებაც კი შეამცირა.

დიდი ალბათობით, ამ ზაფხულში მეკარის პოზიციაზე „ბაიერნში“ რაღაც მოხდება. ალექსანდრ ნუბელმა კლუბი დატოვა და „შტუტგარტში“ გადავიდა, იან სომერი კი „ინტერში“ გადასვლას აპირებს. Sport BILD-ის ცნობით, მიუნხენელების სიაში სამი საუკეთესო კანდიდატია – დევიდ რაია, ბონო და გიორგი მამარდაშვილი.

თუმცა, SPORT1-ი ამტკიცებს, რომ „ბრენტფორდის“ 27 წლის მეკარემ, რაიამ მიუნხენურ გუნდზე უარი თქვა. ესპანელი იჯარით დაინტერესებული არ არის და პრემიერლიგელ „არსენალს“ „ეფლირტავება“. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის გმირს, ბონოს, „ბაიერნს“ დიდ კონკურენციას „პარი სენ-ჟერმენი“ უწევს. გარდა ამისა, სრულიად უცნობია, გაათავისუფლებს თუ არა „სევილია“ 32 წლის მეკარეს და რა პირობებით.

ტრანსფერების ინსაიდერის, ესპანელი ჰექტორ გომესის თქმით, უახლოეს დღეებში მამარდაშვილის თემა მიუნხენში, შესაძლოა, კვლავ აქტუალური გახდეს. შესაბამისად, „ვალენსიას“ საქართველოს ნაკრების მეკარის გაყიდვა დაჟინებით სურს. გომესის თქმით, განსაკუთრებით საინტერესო ისაა, რომ ლა ლიგის კლუბი უკვე მზად არის, გარიგება 20 მილიონი ევროს საფასურად დადოს. ეს იმის ფონზე, რომ „ვალენსია“ ტრანსფერში 30 მილიონ ევროს ითხოვდა.

საინტერესოა, მზად არის თუ არა „ბაიერნი“, გარდამავალ პერიოდში ახალ მეკარეზე ამდენი ფული დახარჯოს. ერთი რამ ცხადია: 22 წლის მამარდაშვილს, ბონოსგან განსხვავებით, გრძელვადიან პერსპექტივაში მიუნხენში მანუელ ნოიერის შეცვლაც შეუძლია. თავად მოთამაშე ძალიან ღია უნდა იყოს გადასვლისთვის“, – წერს გერმანული გამოცემა.