გერმანული მედია – უკრაინული სატვირთო თვითმფრინავი, რომლის სიახლოვესაც ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებლით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს, საბრძოლო მასალით იყო დატვირთული
უკრაინული სატვირთო თვითმფრინავი, რომლის მახლობლადაც ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს, საბრძოლო მასალით იყო დატვირთული, – ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება.
პოლიციის კონფიდენციალური ანგარიშის თანახმად, ერთ-ერთ სატვირთო თვითმფრინავ „ანტონოვს“, რომლის სიახლოვესაც დრონი იპოვეს, საბრძოლო მასალა გადაჰქონდა. არსებული მონაცემებით, ეს ტვირთი ცოტა ხნით ადრე საფრანგეთიდან ლაიფციგში ჩაიტანეს და, სავარაუდოდ, შემდგომი ტრანსპორტირებისთვის იყო განკუთვნილი.
გამოძიების ინფორმაციით, 4 აგვისტოს, დაახლოებით 23:42 საათზე აეროპორტის თანამშრომლებმა შენიშნეს დრონი, რომელიც მიწის ზედაპირიდან დაბალ სიმაღლეზე, ორ სატვირთო „ანტონოვს“ შორის დაფრინავდა.
როგორც ირკვევა, ლაიფციგის აეროპორტში არსებული დრონების საწინააღმდეგო სენსორული სისტემა ამ საფრენ აპარატს თავდაპირველად ვერ აფიქსირებდა.
5 აგვისტოს, საღამოს გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა, ალექსანდერ დობრინდტმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ბოროტმოქმედებმა დრონი სპეციალურად გადააკეთეს ისე, რომ მას დაცვის სისტემებისთვის გვერდი აევლო.
მედიის ინფორმაციით, გამომძიებლებმა უკვე შეისწავლეს აეროპორტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. უსაფრთხოების საკონტროლო ცენტრის ჩანაწერების მიხედვით, დრონი, სავარაუდოდ, აეროპორტში სამხრეთიდან შევიდა და ერთ-ერთ სადგომზე დაეშვა. ვიდეოჩანაწერებში არ ჩანს, რომ დრონი ამის შემდეგ კვლავ აფრინდა. თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ ის დაბალ სიმაღლეზე გაჩერდა უკრაინული სატვირთო თვითმფრინავების სიახლოვეს, სადაც ის აეროპორტის თანამშრომელმა შენიშნა.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში აეროპორტში ბუნდესვერის სამხედრო-სატრანსპორტო ოპერაციები არ მიმდინარეობდა.
ლაიფციგის აეროპორტი სამხედრო ლოგისტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ითვლება. ოფიციალური ცნობებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინა ამ აეროპორტს სამხედრო ტვირთების გადაზიდვის ალტერნატიულ პუნქტადაც იყენებს.
საეჭვო დრონის აღმოჩენის შემდეგ აეროპორტში საჰაერო მოძრაობა დროებით შეჩერდა. ამის გამო DHL-ის სატვირთო თვითმფრინავს, რომელიც მარსელიდან მიფრინავდა და უნდა დაშვებულიყო, ხელახლა მოუწია აფრენა.
უწყების შიდა ანგარიშების თანახმად, თვითმფრინავი აეროპორტის ღობის სიახლოვეს, დაახლოებით 500 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას უცნობ ობიექტს შეეჯახა. გამოძიების ვერსიით, ეს ობიექტი, შესაძლოა, კიდევ ერთი დრონი ყოფილიყო.
DHL-ის თვითმფრინავმა, რომელსაც, გამომძიებლების შეფასებით, სახიფათო ტვირთი გადაჰქონდა, ფრენის გაგრძელება შეძლო და ჰანოვერ-ლანგენჰაგენის აეროპორტში გადაამისამართეს. ექსპერტებმა თვითმფრინავის წინა ნაწილში დაზიანებები აღმოაჩინეს.
ეკიპაჟის წევრები უკვე დაკითხა საქსონიის მიწის კრიმინალურმა პოლიციამ, ხოლო თვითმფრინავს დამატებითი კრიმინალისტიკური ექსპერტიზა ჩაუტარდება, მათ შორის შეისწავლიან ბორტის შავ ყუთს. თუმცა გამოძიების მთავარი ყურადღება კვლავ ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილ დრონზეა გამახვილებული.
გამნაღმველებმა დრონიდან დეტონატორის უსაფრთხოდ ამოღება შეძლეს, რათა მისი შემდგომი ექსპერტიზა ჩატარდეს. გავრცელებული ინფორმაციით, დრონზე დამაგრებული იყო დაახლოებით მუშტის ზომის ასაფეთქებელი ნივთიერების პაკეტი. ჩატარებული ანალიზების მიხედვით, დიდი ალბათობით, ეს იყო Semtex-ი – ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც გამოიყენება როგორც სამხედრო, ისე სამრეწველო დანიშნულებით.
ცნობისთვის, მანამდე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 5 აგვისტოს, ღამით გერმანიის აეროპორტში, უკრაინული თვითმფრინავის სიახლოვეს აღმოაჩინეს დრონი, რომელიც აღჭურვილი იყო ასაფეთქებელი ნივთიერებითა და დეტონატორით. საუბარია „ანტონოვის“ ტიპის თვითმფრინავზე, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებს ეკუთვნის.