გერმანული მედია - უკრაინა გერმანიისგან თავდაცვითი იარაღის მიწოდებას ითხოვდა
უკრაინა გერმანიისგან თავდაცვითი იარაღის მიწოდებას ითხოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
„ფრანკფურტერ ალგემაინეს“ ცნობით, კიევი ბერლინს ხომალდების საწინააღმდეგო რაკეტებს, საჰაერო თავდაცვით საშუალებებსა და განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობას სთხოვდა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი კიევისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია, ხოლო თავდაცვის მინისტრი ანაგრეტ კრამპ-კარენბაუერი საკითხის განხილვას უჭერს მხარს.
კიევისთვის იარაღის მიწოდებას არ გამორიცხავს გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნორბერტ რეტგენი. „შეცდომა იქნებოდა უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების გამორიცხვა, რადგან მას რუსეთი ომით ემუქრება“, – აცხადებს რეტგენი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საზღვრებთან რამდენიმე კვირის განმავლობაში მობილიზებული იყო ათობით ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე. გასულ კვირას მოსკოვში განაცხადეს, რომ უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებიდან ჯარი გაჰყავთ.