გერმანული მედია - გამოძიება მიიჩნევს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელს მინიმუმ ერთი თანამონაწილე ჰყავდა
გერმანული მედია - გამოძიება მიიჩნევს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელს მინიმუმ ერთი თანამონაწილე ჰყავდა

გერმანიაში გამოძიება მიიჩნევს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელს მინიმუმ ერთი თანამონაწილე ჰყავდა. ამის შესახებ „dpa“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გერმანული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მათი ინფორმატორი ბუნდესტაგის საშინაო საქმეების კომიტეტის სხდომას ესწრებოდა, რომელზეც მოხსენებით წარდგა ფედერალური პროკურორი.

როგორც ცნობილი ხდება, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბერლინში თავდასხმამდე ერთი დღით ადრე ჩავიდა, შესაბამისად, ასეთ მცირე პერიოდში სამიზნეს ადგილმდებარეობის დადგენას და ჩვევების შესწავლას ვერ შეძლებდა. ამასთან ერთად, გამოძიება მიიჩნევს, რომ ასეთ მოკლე პერიოდში ის თავდასხმის ადგილიდან გაქცევის გეგმასაც ვერ შეადგენდა. გამოძიების ცნობით, სავარაუდო მკვლელი 17 აგვისტოს მოსკოვიდან პარიზში, შემდეგ კი, პოლონეთში ჩაფრინდა.

ზელიმხან ხანგოშვილი ჩეჩნეთის ომში საველე მეთაური იყო. ის გერმანიაში საცხოვრებლად 2015 წელს გადავიდა. ის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლეს. მას ორჯერ ესროლეს. სავარაუდო თავდამსხმელი, თვითმხილველების მიერ მიცემული ჩვენებების საშუალებით ბერლინში იმავე დღეს დააკავეს. ზელიმხან ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი რუსეთის მოქალაქეობის მქონე ვადიმ სოკოლოვი აღმოჩნდა. საქმის გამოძიება ფედერალურმა პროკურორმა ჩაიბარა. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც დანაშაულში სავარაუდოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები არიან გარეულნი.