გერმანულ მედიაში პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს კრიზისზე აზრთა სხვადასხვაობაა
მას შემდეგ, რაც 2026 წლის 30 ოქტომბერს პოლიციამ ვარშავაში საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან მისასვლელი გზები დაბლოკა, მომიტინგეები სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის კორდონთან შეიკრიბნენ
გერმანელი მიმომხილველები და ექსპერტები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოში შექმნილ ვითარებაზე. ერთ-ერთი ჟურნალისტი კრიზისში პარტიის, „კანონი და სამართლიანობა“ (PiS) ყოფილ მთავრობას და ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს ადანაშაულებს, ხოლო სამართლის პროფესორის შეფასებით, სასამართლოს თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეჩერებით კონსტიტუცია დაირღვა.
კრიზისი პარასკევს საღამოს, მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მოქმედი პარლამენტის მიერ არჩეული მოსამართლეების ჯგუფმა გამოაცხადა, რომ საკონსტიტუციო ტრიბუნალს ამიერიდან ერთ-ერთი მათგანი, ანა კორვინ-პიოტროვსკა უხელმძღვანელებდა.
ამ ჯგუფის განცხადებით, კორვინ-პიოტროვსკამ ტრიბუნალის პრეზიდენტს, ბოგდან შვენჩკოვსკის და მის მოადგილეს, ბართოლომეი სოხანსკის უფლებამოსილება შეუჩერა.
სასამართლოს შენობის გარეთ საპროტესტო აქციების გამწვავებასთან ერთად, პრეზიდენტმა ნავროცკიმ სენეგალში ვიზიტი ვადაზე ადრე შეწყვიტა და შაბათს სასამართლოს შენობასთან მივიდა. მისი განცხადებით, კონსტიტუციური წესრიგი დაირღვა და საკონსტიტუციო ორგანო ძალის გამოყენებით ჩაიგდეს ხელში.
„პასუხისმგებლობა ყოფილ მმართველ პარტიას და მოქმედ პრეზიდენტს ეკისრებათ“
გაზეთ „ზიუდოიჩე ცაიტუნგის“ კორესპონდენტმა ვარშავაში, ვიქტორია გროსმანმა ოთხშაბათს დაწერა, რომ განვითარებული მოვლენები „ქაოსის შთაბეჭდილებას ტოვებს“ და საკონსტიტუციო კრიზისი, შესაძლოა, ნდობის კრიზისში გადაიზარდოს.
მისივე თქმით, პასუხისმგებლობა აშკარად ყოფილ მმართველ პარტიას და პრეზიდენტ ნავროცკის ეკისრებათ. გროსმანის შეფასებით, PiS-ის ყოფილმა მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლიდან საკუთარი აღმასრულებელი ხელისუფლების ერთგვარ დანამატად აქცია.
როგორც იგი წერს, ტუსკის მთავრობამ დაპირისპირებას თავი აარიდა, მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადის ამოწურვას დაელოდა და მათი შემცვლელები კონსტიტუციური პროცედურის დაცვით აირჩია, ნავროცკიმ და ტრიბუნალის პრეზიდენტმა კი მათ მუშაობის უფლება არ მისცეს, რის გამოც ახალი მოსამართლეები შენობაში პრეზიდენტის არყოფნის დროს შევიდნენ, ხოლო ადგილზე მობილიზებული პოლიცია თავდაცვით პოზიციაში ჩადგა.
გროსმანმა ასევე აღნიშნა, რომ ტუსკმა პროევროპელი ამომრჩევლების ნაწილის ნდობა ბელარუსის საზღვარზე თავშესაფრის უფლების „განზრახ უგულებელყოფისა“ და აბორტის ლეგალიზების შეუსრულებელი დაპირების გამო დაკარგა. თუმცა, ჟურნალისტის თქმით, მთავრობის მშვიდმა მიდგომამ მას ამომრჩეველთა ნდობა ისევ მოუპოვა.
„თუ პოპულიზმს არ აჰყვება და საზოგადოებას დავის მოგვარების გზას შესთავაზებს, ტუსკი ამ კრიზისიდან გაძლიერებული გამოვა“, – წერს „ზიუდოიჩე ცაიტუნგის“ კორესპონდენტი.
„გაურკვეველი“ სტატუსი
კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროფესორმა, ფრაუკე როსტალსკიმ გაზეთ „დი ველტში“ სამშაბათს გამოქვეყნებულ სტატიაში განსხვავებული შეფასება წარმოადგინა და დასვა კითხვა: „ვინ დაარღვია კონსტიტუცია?“
მისი თქმით, გასულ პარასკევს საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეჩერებას მყარი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა. როსტალსკის არგუმენტის თანახმად, კორვინ-პიოტროვსკას სტატუსი საეჭვო იყო, რადგან მას პრეზიდენტის წინაშე ფიცი არ ჰქონდა დადებული. ამასთან, სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერება იუსტიციის მინისტრის ან თავად პრეზიდენტის კომპეტენცია იყო და არა მოსამართლის.
„კორვინ-პიოტროვსკამ საკუთარი თავი თვითონ დანიშნა, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით თითქმის გაუმართლებელია. ბევრი რამ იმაზე მიუთითებს, რომ გასულ პარასკევს საკუთარი თავისთვის უფლებამოსილების მიმნიჭებელი მოსამართლის მიერ განხორციელებული ქმედება, სულ მცირე, კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს“, – წერს სისხლის სამრთლის პროფესორი.
მისივე თქმით, პროცესებში პოლიციის ჩართვა იმაზე მიუთითებს, რომ ტუსკის მთავრობამ ამ ნაბიჯს პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადა. როსტალსკიმ ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებრივი აღიარება აკლია და შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნა მხოლოდ პროცესების „თავიდან დაწყებით“ იქნება შესაძლებელი.
ექსპერტები საკონსტიტუციო დავის ირგვლივ დეზინფორმაციის გავრცელების საფრთხის შესახებაც საუბრობენ. დეზინფორმაციის ანალიზის ცენტრის (NASK) განცხადებით, უახლოეს მომავალში, დიდი ალბათობით, ახალი ყალბი ინფორმაციები გავრცელდება.