გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მოქალაქე 17-დან 45 წლამდე ასაკის მამაკაცებს საზღვარგარეთ ხანგრძლივი ვადით გამგზავრებისთვის ნებართვა არ დასჭირდებათ
გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, გერმანიის მოქალაქე 17-დან 45 წლამდე ასაკის მამაკაცებს საზღვარგარეთ ხანგრძლივი ვადით გამგზავრებისთვის ნებართვა არ დასჭირდებათ.
როგორც ბორის პისტორიუსმა აღნიშნა, გერმანიის მთავრობა შესაბამის განკარგულებას მიმდინარე კვირაში გამოსცემს.
შედეგად, გაუქმდება მოთხოვნა, რომლითაც 2026 წლიდან გერმანიის მოქალაქე 17-45 წლამდე მამაკაცებს უნდა აეღოთ ბუნდესვერისგან ნებართვა, თუ საზღვარგარეთ გამგზავრებას სამ თვეზე მეტი ხნით გეგმავენ.
პისტორიუსის თქმით, საზღვარგარეთ გასვლის ნებართვის მოთხოვნისგან გათავისუფლება ადმინისტრაციული განკარგულებით განხორციელდება, რათა თავიდან იყოს აცილებული ზედმეტი ბიუროკრატია.
„ამ ეტაპზე ასაკის მიუხედავად მამაკაცებისთვის არაფერი იცვლება. მამაკაცი 17 წლისაა, 45-ის თუ სხვა ასაკის, რა თქმა უნდა, აქვს მოგზაურობის უფლება და ამჟამად ნებართვა არ არის საჭირო. საზღვარგარეთ ხანგრძლივი ყოფნის შესახებ შეტყობინებაც არ არის აუცილებელი. ამ მიზნით ვთავაზობთ გამონაკლისს კანონით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნისგან“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, აღნიშნული ნორმა პრაქტიკაში არ მოქმედებს, რადგან ქვეყანაში მოქმედებს ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური.
როგორც გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ამჟამად ადგილსამყოფელის ცვლილების შესახებ ბუნდესვერს, მხოლოდ იმ რეზერვისტებმა უნდა აცნობონ, რომლებიც გაწვევას ექვემდებარებიან.