გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ევროპა აშშ-ის და ნატო-ს გარეშე უსაფრთხოების დაცვას ვერ შეძლებს
გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ევროპა აშშ-ის და ნატო-ს გარეშე უსაფრთხოების დაცვას ვერ შეძლებს

გერმანიის თავდაცვის მინისტრ ანაგრეტ კრამპ-კარენბაუერის თქმით, ევროპას ჯერ კიდევ სჭირდება აშშ და ნატო. ამ განცხადებით გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ფაქტობრივად უარყო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივა, რომელშიც მან ევროპას თავდაცვის სტრატეგიის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა.

„ევროპისთვის სტრატეგიული ავტონომიის იდეა კვებავს ილუზიას, რომ ჩვენ ევროპის უსაფრთხოების, სტაბილურობის და განვითარების უზრუნველყოფა ნატოს და აშშ-ის გარეშე შეგვიძლია“, – აცხადებს ანაგრეტ კრამპ-კარენბაუერი.

მისივე თქმით, ევროპას ასობით წელიწადი დასჭირდება კონვენციური ან ბირთვული შეიარაღებული ძალების ფორმირებისთვის, რომლითაც ნატოს და აშშ-ის კონტრიბუციის ჩანაცვლება მოხდება.

„გერმანიას და ევროპას არ შეუძლია თავი დაიცვას ამერიკის ბირთვული და კონვენციური ძალის გარეშე. ეს მარტივი ფაქტია“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.