გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კანცლერობისთვის ბრძოლას არ აპირებს
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ არ აპირებს კანცლერობისთვის არჩევნებში მონაწილეობას.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში პისტორიუსმა განაცხადა, რომ პარტიის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა თავისი გადაწყვეტილების შესახებ.
„ეს არის ჩემი სუვერენული, პირადი და მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება. მე ამას ხაზგასმით ვაცხადებდი ბოლო კვირების განმავლობაში და კიდევ ერთხელ ვამბობ მაქსიმალური სიცხადით: ოლაფ შოლცის სახით ჩვენ გვყავს შესანიშნავი კანცლერი. ის სწორი კანდიდატია. ის უძღვებოდა კოალიციას, რომელიც ჩვეულებრივ დროშიც კი გამოწვევებით სავსე იქნებოდა, ბოლო ათწლეულების უდიდესი კრიზისის პირობებში. როგორც თავდაცვის მინისტრს, მე ჯერ არ დამისრულებია ის, რისი მიღწევაც მსურს, რასაც უნდა მივაღწიოთ ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა პისტორიუსმა.
ამასთან, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა უკრაინისთვის გაწეულ მხარდაჭერასა და გერმანიის თავდაცვის ხარჯების გაზრდის მნიშვნელობას. პისტორიუსმა აღნიშნა, რომ შოლცის ხელმძღვანელობით გერმანია გახდა უკრაინის უდიდესი მხარდამჭერი ევროპაში და ნატო-ს უფრო საიმედო და ძლიერი პარტნიორი.