გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ბალკანეთის ქვეყნებში ჩინეთისა და რუსეთის გავლენის ზრდის გამო შეშფოთებულია
გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ბალკანეთის ქვეყნებში ჩინეთისა და რუსეთის გავლენის ზრდის გამო შეშფოთებულია

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბალკანეთის ქვეყნებში ჩინეთისა და რუსეთის გავლენის ზრდის გამო შეშფოთებულია.

როგორც ანაგრეტ კრამპ-კარენბაუერი აცხადებს, მოსკოვი ბალკანეთის სახელმწიფოებში ისეთივე მეთოდებს იყენებს, როგორსაც ბალტიისპირეთის ქვეყნებში მიმართავდა.

აღნიშნული განცხადება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა პრიშტინაში ვიზიტის დროს გააკეთა.

„ჩვენ ვიცით, რომ ამ რეგიონს განსაკუთრებულად ადევნებს თვალს ჩინეთი, ასევე რუსეთიც“, – განაცხადა კრამპ-კარენბაუერმა.

გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პრიშტინაში ნატო-ს მისიის შტაბბინაში იმყოფებოდა. გერმანელი მინისტრის თქმით, აღნიშნულ მისიას რეგიონული კონფლიქტების გადაჭრაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და ამასთან ერთად აძლევს შესაძლებლობას კოსოვოს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, თავად აირჩიოს პოლიტიკური მომავალი.