გერმანიის შს მინისტრი აცხადებს, რომ პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადება პოლიტიკურად მოტივირებული არ არის

16:53, 02.05.2025

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილება პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ პოლიტიკურად მოტივირებული არ ყოფილა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ყოვლისმომცველი და ნეიტრალური განხილვის შედეგად იქნა მიღებული.

„ახალ ანგარიშზე არანაირი პოლიტიკური გავლენა არ ყოფილა. კონსტიტუციის დაცვის ფედერალურ უწყებას აქვს მკაფიო სამართლებრივი მანდატი ექსტრემიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად და ჩვენი დემოკრატიის დასაცავად და ის ამას დამოუკიდებლად აკეთებს. გადაწყვეტილება ყოვლისმომცველი და ნეიტრალური მიმოხილვის შედეგია, რომელიც 1100-გვერდიან ანგარიშშია ასახული. ანგარიშზე პოლიტიკური გავლენა არ ყოფილა“, – განაცხადა ფეზერმა.

ამასთან, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პარტია აწარმოებდა კამპანიას დემოკრატიული წესრიგის წინააღმდეგ.

„ეს ჩანს მათ რასისტულ განცხადებებში, განსაკუთრებით მიგრანტებისა და მუსლიმების მიმართ“, – აღნიშნა ფეზერმა.

პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დაგმო კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილება.

„დღევანდელი გადაწყვეტილება სერიოზული დარტყმაა გერმანული დემოკრატიის წინააღმდეგ“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა, ალის ვაიდელმა.

ცნობისთვის, დღეს გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა მიიღო, რომელიც პარტიის საქმიანობას რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა.

მსგავსი