გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანგელა მერკელს ულტიმატუმი წაუყენა
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანგელა მერკელს ულტიმატუმი წაუყენა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, უთანხმოების აღმოსაფხვრელად, ანგელა მერკელს ულტიმატუმი წაუყენა. ამის შესახებ ჰორსტ ზეეჰოფერმა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით ანგელა მერკელთან კომპრომისის მიღწევა შესაძლებელია.

„საქმე გვაქვს ევროკავშირის, ისევე როგორც გერმანიის ერთობასთან. ვითარება საკმაოდ სერიოზული, თუმცა გადალახვადია. პარტია „ქრისტიან-სოციალურ კავშირში“ არავინ არის დაინტერესებული კანცლერის გადაგდებით ან კოალიციის დაშლით“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

გამოცემის ცნობით, ჰორსტ ზეეჰოფერმა ანგელა მერკელს პრობლემის მოსაგვარებლად ორი კვირა მისცა. ახლა ევროკავშირის უახლოეს სამიტზე გერმანიის კანცლერმა პარტნიორ სახელმწიფოებთან მიგრაციულ კრიზისზე კომპრომისს უნდა მიაღწიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირის სხვა ქვეყნებში დარეგისტრირებულ ლტოლვილებს უკან გაუშვებენ, ახლებს კი გერმანიის ტერიტორიაზე აღარ შეუშვებენ.

გერმანიის სამთავრობო ბლოკში მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით განხეთქილების შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ქვეყნის მედიის ინფორმაციით, პარტია „ქრისტიანულ-სოციალური კავშირი“, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს, ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“ ფორმირებული საპარლამენტო კოალიციიდან გასვლის საკითხს განიხილავს. როგორც ცნობილია, ჰორსტ ზეეჰოფერი და ანგელა მერკელი მიგრაციულ პოლიტიკაში ლტოლვილთა ნაკადის შემცირებასთან დაკავშირებით არსებულ გეგმაზე ვერ თანხმდებიან.