გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი აგრძელებს ჰიბრიდულ ომს ევროპის წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და მიგრანტების დახმარებით
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი აგრძელებს ჰიბრიდულ ომს ევროპის წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და მიგრანტების დახმარებით

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი აგრძელებს ჰიბრიდულ ომს ევროპის წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და მიგრანტების დახმარებით. ამის შესახებ განცხადება ნენსი ფეზერმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, ევროპა „ფაქტობრივად დგას ახალი მასშტაბის საფრთხეების წინაშე, რაც თან ახლავს რუსეთის აგრესიას უკრაინაში“. ფეზერის განცხადებით, მოსკოვი ხელს უწყობს ევროკავშირის საზღვრებთან არალეგალი მიგრანტების გადაყვანას.

ამასთან, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი მიმართავს როგორც ჯაშუშობას და პროპაგანდას, ისე „მესამე ქვეყნების მოქალაქეების სასტიკ ექსპლუატაციას, რომლებიც ჩაჰყავთ ისეთი ქვეყნების საზღვრებთან, როგორიცაა ფინეთი“. გერმანელი მინისტრის თქმით, კრემლის მიზანი ევროპის დესტაბილიზაციაა.

ფეზერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ გერმანიისთვის მწვავე პრობლემას წარმოადგენს რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება და ჰაკერული თავდასხმები, მათ შორის გერმანიაში დაგეგმილი არჩევნების წინა პერიოდში. მინისტრის თქმით, ქვეყანაში მიმდინარეობს მუშაობა ისეთი სისტემის შესაქმენლად, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სწრაფად აღმოაჩენს მანიპულაციურ გზავნილებს და ყალბ ახალ ამბებს – ე.წ. ფეიკებს.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ასევე თქვა, რომ ამჟამად გერმანიას საფრთხეს უქმნის ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დანაყოფი, სახელწოდებით „ხორასანის ვილაიეთი“. ეს ის დაჯგუფებაა, რომელმაც 22 მარტს მოსკოვთან ახლოს მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლში“ მოწყობილ თავდასხმაზე აიღო პასუხისმგებლობა.

ფეზერმა განაცხადა, რომ გერმანიაში ახალი წლის წინა დღეებში სამართალდამცავების მიერ კიოლნის ტაძარზე თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით რამდენიმე პირის დაკავება „ხორასანის ვილაიეთის“ საფრთხეებისგან დაცვას ემსახურებოდა.