გერმანიის საპარლამენტო არჩევნების წინ ქალაქ კელნში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საწინააღმდეგო აქციაზე 20 000-მდე ადამიანი გამოვიდა
გერმანიის საპარლამენტო არჩევნების წინ ქალაქ კელნში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საწინააღმდეგო აქციაზე 20 000-მდე ადამიანი გამოვიდა

გერმანიის საპარლამენტო არჩევნების წინ ქალაქ კელნში ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე 20 000-მდე ადამიანი გამოვიდა.

„ჩვენ კრიტიკულ სიტუაციაში ვართ. იზრდება ქსენოფობია, ძალადობისთვის მზადყოფნა, პოპულიზმი“, – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, კარლ ლაუტერბახმა, რომელიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა.

ქვეყანაში უკვე მეორე კვირაა, აქციები სხვადასხვა ქალაქში იმართება მას შემდეგ, რაც პარტიის წევრები მემარჯვენე ექსტრემისტებთან შეხვედრასა და ამ შეხვედრაზე წარმოშობით უცხოელი გერმანიის მოქალაქეების ქვეყნიდან იძულების წესით გაძევების საკითხის განხილვაში ამხილეს. ბერლინში გამართულ დემონსტრაციას 350 000-მდე ადამიანი ესწრებოდა. ასევე, აქციები გაიმართა მიუნხენსა და დრეზდენში. საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით აქციებში 1.4 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა.

გამოკითხვების მიხედვით, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მეორე ადგილზეა, პირველ ადგილზე კი „კონსერვატიული პარტიაა“. მესამე და მეოთხე ადგილზე არიან გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მმართველი „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ და მწვანეთა პარტია.