გერმანიის სამთავრობო დელეგაცია აშშ-ში პრეზიდენტის მრჩევლებთან შეხვედრას გამართავს
გერმანიის სამთავრობო დელეგაცია აშშ-ში პრეზიდენტის მრჩევლებთან შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
პრეზიდენტობის რანგში ჯო ბაიდენის ევროპაში პირველი ვიზიტის წინ, გერმანიის სამთავრობო დელეგაცია ვაშინგტონში გაემგზავრა. დაგეგმილია პრეზიდენტის მრჩევლებთან შეხვედრის გამართვა, რომელზედაც მხარეებმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის პროექტთან და ორი ქვეყნის დაახლოებასთან დაკავშირებული საკითხები უნდა განიხილონ.
დელეგაციას საგარეო ურთიერთობების საკითხებში გერმანიის კანცლერის მრჩევლები იან ჰეკერი და ეკონომიკურ საკითხებში, ლარს ჰენდრიკ როლერი უხელმძღვანელებენ.
დაგეგმილია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველთან ჯეიკ სალივანთან და აშშ-ის ახალ სავაჭრო წარმომადგენელთან, კეტრინ ტაისთან შეხვედრები.
პრეზიენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის პროექტის წინააღმდეგი არის, გადაიფიქრა პროექტის ოპერატორი კომპანიის და მისი ხელმძღვანელის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. მისი განცხადებით, სანქციების დაწესებაზე უარის თქმა განპირობებულია იმით, რომ გაზსადენის მშენებლობა თითქმის დასრულებულია და მის წინააღმდეგ ზომების მიღება კონტრპროდუქტიული იქნებოდა.
პრეზიდენტობის რანგში ჯო ბაიდენის ევროპაში პირველი ვიზიტი 11-13 ივნისისთვის არის დაგეგმილი. პრეზიდენტი კორნუოლში, „დიდი შვიდეულის“ სამიტში და ბრიუსელში ნატო-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.