გერმანიის სამმა პარტიამ სამთავრობო კოალიციური შეთანხმება გამოაქვეყნა
გერმანიის სამმა პარტიამ სამთავრობო კოალიციური შეთანხმება გამოაქვეყნა

გერმანიაში „სოციალ-დემოკრატებმა“, „მწვანეებმა“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ სამთავრობო შეთანხმება გამოაქვეყნეს, რომელიც მომავალი მმართველი კოალიციის პრიორიტეტებს ასახავს.

კოალიციური შეთანხმება დიდწილად ქვეყნის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას ითვალისწინებს. როგორც მედია წერს, მხარეები მიზნად ისახავენ ნახშირის მოხმარების ეტაპობრივად შეწყვეტას 2030 წელს, ვადაზე რვა წლით ადრე. ისინი ასევე შეეცდებიან, გამოიყენონ გერმანიის ტერიტორიის 2 პროცენტი ქარის ენერგიისთვის და ყურადღება გაამახვილონ წყალბადზე დაფუძნებულ ენერგიაზე.

2030 წლისთვის მხარეებს სურთ, რომ ელექტროენერგიის 80 პროცენტი განახლებადი ენერგიით იყოს მოპოვებული. პარტიებს სურთ, სარკინიგზო სატვირთო ტრანსპორტის გაზრდა 25 პროცენტით და 2030 წლისთვის გზებზე სულ მცირე 15 მილიონი ელექტრომობილის გამოყვანა.

სამთავრობო შეთანხმების მიხედვით, იმიგრანტები შეძლებენ, წარადგინონ განაცხადი მოქალაქეობის მისაღებად ხუთი წლის შემდეგ და დაშვებული იქნება ორმაგი მოაქალაქეობა. კოალიციური შეთანხმებით, გერმანიაში მინიმალური ხელფასი საათში 12 ევრო იქნება.

საბინაო კრიზისთან საბრძოლველად კოალიცია მიზნად ისახავს ყოველწლიურად 400 000 ახალი ბინის აშენებას. შეთანხმება ითვალისწინებს საარჩევნო მინიმალური ასაკის 16 წლამდე დაწევას და კვალიფიციური მუშახელის მოსაზიდად ქულებზე დაფუძნებული საიმიგრაციო სისტემის ამოქმედებას.

ასევე, იგეგმება კანაფის რეალიზაციის ლეგალიზება ლიცენზირებულ ობიექტებში, ნარკოტიკის ხარისხისა და განაწილების კონტროლით. პორტფელები ასე გადანაწილდება: „სოციალ-დემოკრატები“ კანცლერის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების, მშენებლობისა და საბინაო მინისტრის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის და ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტრის პორტფელებს მიიღებენ.

„მწვანეები“ უხელმძღვანელებენ ეკონომიკისა და კლიმატის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ოჯახის სამინისტროს. „თავისუფალი დემოკრატები“ უხელმძღვანელებენ ფინანსთა, იუსტიციის, ტრანსპორტის და განათლებისა და კვლევის სამინისტროებს, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს. მედია წერს, რომ გერმანია ევროპის უდიდესი ეკონომიკაა, ამიტომ ახალი მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დიდ გავლენას მოახდენს მის მეზობლებზე.