გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელი - პოლიტიკური კონკურენცია არ უნდა წარიმართოს ციხეების მეშვეობით, ველოდებით, რომ ეკრემ იმამოღლუს მიმართ ბრალდებები გამჭვირვალედ იქნება გამოძიებული
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავებას დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდა.
„პოლიტიკური კონკურენცია არ უნდა წარიმართოს სასამართლოებისა და ციხეების მეშვეობით. ველოდებით, რომ ბრალდებები გამჭვირვალედ და რაც შეიძლება სწრაფად იქნება გამოძიებული და გამოძიება კანონის უზენაესობის პრინციპებზე დაყრდნობით ჩატარდება“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, იგივე მოლოდინი აქვთ დაკავებული დემონსტრანტების მიმართაც.
შეგახსენებთ, სტამბოლის სასამართლომ ეკრემ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმამოღლუს დაკავებას სტამბოლსა და ანკარაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.