გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირება მოითხოვა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას ითხოვს. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გერმანელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭო 1945 წლიდან არ შეცვლილა, იმის მიუხედავად, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მსოფლიოს მოსახლეობა გასამმაგდა, გაერო-ს წევრთა რაოდენობა კი თითქმის ოთხჯერ გაიზარდა.
„ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ერთ ადგილზე დგომა და საბოლოოდ, დავიწყოთ ნამდვილი მოლაპარაკებები რეფორმის შესახებ, როგორც ამას უკვე დიდი ხანია ითხოვენ წევრი ქვეყნების უმრავლესობა“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჰაიკო მაასის თქმით, გერმანია მხარს უჭერს მსოფლიო წესრიგს, რომელიც ემყარება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და შეთანხმებების ფარგლებში თანამშრომლობას.
„ჩვენ გვჯერა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, რადგან საერთაშორისო თანამშრომლობამ შეცვალა ჩვენი ბედიც“, – აღნიშნა მან.
სიტყვით გამოსვლისას ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ სუვერენიტეტსა და მრავალმხრივობას შორის არ არსებობს წინააღმდეგობა.
„გიგანტური გლობალური პრობლემების წინაშე მდგარ მსოფლიოში სუვერენიტეტის შენარჩუნება მხოლოდ თანამშრომლობის გზით არის შესაძლებელი“, -აღნიშნა მაასმა.
ამგვარად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ირიბად გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელიც გლობალიზმის იდეოლოგიის წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ ამერიკა არასდროს იტყვის უარს სუვერენიტეტზე.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში ხუთი მუდმივი (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი) და ათი არამუდმივი წევრია. გერმანია იაპონიასთან, ინდოეთთან და ბრაზილიასთან ერთად უკვე მრავალი წელია ცდილობს, გაერო-ს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრის სტატუსი მოიპოვოს.