გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - პუტინი რომ საბოლოოდ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული მიიჩნევს, რომ ევროპული ქვეყნები აშშ-თან ერთად უნდა კოორდინირებდნენ, რათა აიძულონ რუსეთი, დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასთან. ამის შესახებ ვადეფულმა ამერიკაში გამგზავრებამდე განაცხადა.
„ჩვენ გვსურს, საბოლოოდ შეწყდეს ადამიანების სიკვდილი უკრაინაში, გვსურს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და გრძელვადიან მშვიდობა. იმისათვის, რომ პუტინი საბოლოოდ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა რუსეთმა საბოლოოდ დაიწყოს სერიოზული მოლაპარაკებები, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა. ევროპელები კვლავ გავაძლიერებთ სანქციებს, ხოლო აშშ-ის კონგრესიც მზადაა დამატებითი სანქციების დაწესებისთვის“, – ამბობს ვადეფული.
გავრცელებული ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად, შეერთებულ შტატებში ვიზიტისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი განიხილავს აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობებსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს.